აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის გამოყენებით 50%-ით გაზრდის ოპერაციებს, რათა გააუმჯობესოს განვითარების ეფექტურობა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კაპიტალის გამოყენების გეგმა (CUP) წარმოადგენს გზამკვლევს, რომელმაც ADB-ის მიერ ნაკისრი წლიური დაფინანსების ვალდებულებები, რომელმაც 2024 წელს 24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2034 წლისთვის $36 მილიარდამდე უნდა გაზარდოს. გაზრდილი დაფინანსება გააძლიერებს ADB-ის განვითარებადი წევრი ქვეყნების ძალისხმევას გადაჭრან რეგიონის წინაშე არსებული განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.
„ეს დინამიკური გეგმა ჩვენი რეგიონის ცვალებად მოთხოვნებს პასუხობს, აძლიერებს ADB-ის საქმიანობის გარდამტეხ გავლენას, რაც გულისხმობს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი პლანეტის დაცვას,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
ADB-ის ინფორმაციით, CUP ითვალისწინებს ADB-ის სასესხო ვალდებულებების მკვეთრ ზრდას მომდევნო ორ-სამ წელიწადში, რომელსაც მოჰყვება ჯერ პერსონალისა და ტექნიკური დახმარების რესურსების გაფართოება, შემდგომ კი ხანგრძლივი და მდგრადი ზრდის პერიოდი. კერძო სექტორის ოპერაციები დაჩქარებული ტემპით ათი წლის განმავლობაში 20%-დან 27%-მდე გაიზრდება, ხოლო სახელმწიფოზე გაცემული სესხები ზომიერად გაფართოვდება და მისი პორტფელი უფრო დაბალანსებული და მრავალფეროვანი გახდება.
მომავალი ათი წლის განმავლობაში, ADB წმინდა მოგების სტაბილურ ზრდას ელოდება. ADB გეგმავს მოგების ნაწილის სტრატეგიულად ინვესტირებას, რათა დაეხმაროს განვითარებად წევრ ქვეყნებს მაღალხარისხიანი და ინვესტირებადი პროექტების განვითარებაში და უზრუნველყოს კაპიტალის ბაზრებზე მდგრადი ფინანსების მობილიზება.
გარდა ამისა, ADB შეიმუშავებს ოპერაციულ მიდგომებს — გზამკვლევს სამომავლო მუშაობისთვის კერძო სექტორის განვითარების, ციფრული გარდაქმნის, რეგიონული თანამშრომლობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიმართულებით. ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს ADB-ის 2030 წლისათვის დასახული კორპორატიული მიზნების მიღწევას. ეს მოიცავს საერთო ფინანსურ ვალდებულებებში კლიმატის დაფინანსების წილის 50%-მდე ზრდას და 2030 წლისთვის კერძო სექტორის დაფინანსების საერთო მოცულობის $13 მილიარდამდე გაზრდას, როგორც ADB-ის საკუთარი დაფინანსების, ასევე პირდაპირი მობილიზების საშუალებით.
შეგახსენებთ, ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.