ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ენერგეტიკული ბირჟა ყოფილიყო სწორად დაგეგმარებული.
„ეს იყო ახალი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე უნდა განგვეხორციელებინა. 2027 წლისთვის სრულფასოვანი ბირჟა ამოქმედდება, სადაც უბალანსობაზე პასუხისმგებელი იქნება სწორედ განმახორციელებელი პირი. დღეისათვის ბირჟაზე ვაჭრობა არის ნებაყოფლობითი და არასავალდებულო მონაწილე პირებისთვის. მანამ, სანამ ბირჟა გაიხსნებოდა პირდაპირი კონტრაქტები ჰქონდათ მწარმოებლებს დაინტერესებულ მხარეებთან, ფიქსირებულ ფასებად, რომელსაც მინიმუმ ათწლიანი ისტორია გააჩნიათ. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან რომ ბირჟა არ არის სავალდებულო მათ მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში განაგრძეს შესაბამისი ოპერირება. მომდევნო წლიდან ბირჟაზე ვაჭრობა იქნება სავალდებულო. შესაბამისად, სურათი იქნება რადიკალურად განსხვავებული და ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული ფიზიკურად“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
ცნობისთვის, სამი თვეზე მეტია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ დაფიქსირებულა. პლატფორმაზე ბოლო გარიგება გასული წლის 12 ნოემბერს შედგა. ბირჟის გახსნიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება რამდენჯერმე დაიდო, თუმცა აქტივობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაბალი იყო. პირველი ივლისიდან დღემდე ენერგეტიკულ ბირჟაზე მთლიანობაში 17.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გაიყიდა. საშუალო შეწონილი ფასი კი 13.5 თეთრი იყო. ბირჟაზე ამ დროისთვის 21 კომპანიაა წარმოდგენილი. ექვსჯერ გადავადების შემდეგ, გასული წლის პირველ ივლისს საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს.