logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ახალ შახტაში დასაქმებულთა 100% ტყიბულელი იქნება" - "საქნახშირის" გენერალური დირექტორი

ახალ შახტაში დასაქმებულების 100% ტყიბულელი იქნება, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ შახტში, ქვანახშირის მოპოვებაზე, დაახლოებით, 2300 ადამიანი იმუშავებს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, "საქნახშირი" ახალი სადგურის მშენებლობის პერიოდში, ახალგაზრდებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებს, ხოლო უფროს თაობას ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობას ასწავლის.

"შახტში ქვანახშირის მოპოვება ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანს მოუწევს. 2300 ადამიანიდან 800 სამთო-მოპოვების უმაღლესი, ან ტექნიკური დონის განათლება უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომელიც პროექტშია ჩადებული. იმედი გვაქვს, 2-3 თვის განმავლობაში ახალ შახტში ე.წ. გაყვანით სამუშაოებს დავიწყებთ. მოპოვების ტექნოლოგია, რომელიც პროექტშია შესული ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომლებიც ცოდნის გარკვეულ დონეს მოითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ ე.წ. რეორგანიზაცია. მეშახტეების ცოდნის დონის დასადგენად გამოცდები ჩავატარეთ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მომზადებული და წიგნიერი სპეციალისტები 60 წელს ზემოთ არიან.

ჩვენ გვესმის, რომ შახტის ექსპლუატაციისთვის ახალგაზრდობა გვჭირდება, მათ გარეშე ჩვენი გეგმების რეალიზებას ვერ მოვახდენთ. ჩატარებული გამოცდებით მეშახტეების ცოდნის დონე დავადგინეთ და ყველაზე პრობლემურ, სუსტ საკითხებთან დაკავშირებით სწავლება ტარდება. ელექტროსადგურის მშენებლობის განმავლობაში განათლების მიმართულებით გარკვეული პროცესები განხორციელდება, მათ შორის, ახალგაზრდებს ავიყვანთ, რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ნულიდან შეიძენენ, ხოლო უფროს თაობას ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობას ვასწავლით", - აცხადებს მიხაილ სოცკი.

მისივე ინფორმაციით,  ახალი შახტის აშენებისა და ელექტროსადგურის გაშვების გარეშე შეუძლებელია ეს ბიზნესი მომგებიან ნიშნულზე გავიდეს.

"საწარმოში ჩვენ 2019 წელს მოვედით. პირველი შთაბეჭდილება იყო ძალიან შორს იდეალურისგან. ჩვენ ჩამოვედით ქალაქში, რომელიც მიგდებული და დაცარიელებული იყო, ფასადები დანგრეული , ქალაქში შუქი არ იყო, შახტა არ მუშაობდა, ხალხი სახლში იჯდა და მცირე კომპენსაციას იღებდა. ნელ-ნელა ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება დავიწყეთ. კოლექტივთან ურთიერთობა არ იყო ყოველთვის პოზიტიური, იყო გაფიცვების ტალღა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებდით ყველაფერს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მაღარო რიტმულ, ეფექტურ დონეზე მუშაობს.  იმისთვის, რომ შახტა არსებობდეს და წამგებიანი არ იყოს 25 000 ტონა უნდა მოვიპოვოთ. ძალიან მშვიდ სამუშაო რეჟიმში შეგვიძლია 25 000 ტონის მაჩვენებელზე გასვლა. შახტის აშენებამდე და ელექტროსადგურის გაშვებამდე ეს მაჩვენებელი გვაკმაყოფილებს. პროექტი 4.5 წლის რეალიზაციას გულისხმობს. პირველი 1.5 წელი ჩვენ  ახალი შახტის მშენებლობაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და შემდეგ ელექტროსადგურის მშენებლობას დავიწყებთ, რადგან 4.5 წლის შემდეგ კომპლექსური საწარმო მივიღოთ, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაზე და ქვანახშირის მოპოვებაზე იმუშავებს. ცალ-ცალკე ეს საწარმოები არაეფექტურები იქნებიან. ელექტრო სადგურზე 120 კაცი იქნება დასაქმებული და ყველაფერი კომპიუტერიზებული იქნება", - აღნიშნა მიხაილ სოცკიმ. 

შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრიდან "საქნახშირის" მფლობელი კომპანია "სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანია", რომელიც  საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგია. ის "ჯორჯიან მანგანეზისა" და "საქნახშირის" მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობს.

გამოგვყევით