logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ახალი ბაზრები, ინვესტიციები ინოვაციებში - რას გეგმავს გლობალური კომპანია Impel-ი 2025 წელს

ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია Impel-ი, რომლის ნაწილია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI, მიმდინარე წელს ინვესტიციების განხორციელების გაგრძელებას გეგმავს როგორც ინოვაციებში, ასევე პროდუქტების გაფართოებაში.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი სოფო ჭყოიძე აცხადებს, კომპანია მნიშვნელოვან დროსა და ყურადღებას  AI პლატფორმის განვითარებას, მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესებასა და გლობალურ პარტნიორის გაძლიერებას უთმობს.  Impel-მა 2024 წლის ივლისში შეისყიდა ციფრული კომპანია Outsell-ი, რის შედეგადაც, კომპანია Impel-ის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

სოფო ჭყოიძის ინფორმაციით, Impel-ი აქტიურად ითვისებს ახალ ბაზრებს, მათ შორის ევროპასა და ლათინური ამერიკას.

„ჩვენი ბოლო დროინდელი სტრატეგიული პარტნიორობა FordDirect-თან სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია მზადაა გლობალური ბაზარზე კიდევ უფრო დაიმკვიდროს თავი. ასევე, წინა წლებში ავითვისეთ ახალი ბაზარი - ავსტრალია, სადაც დაინერგა ჩვენი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ მრავალენოვანი მოდელის განვითარებაზე, რომელიც ლოკალიზაციაში დაგვეხმარა - ის უკვე სხვა რეგიონის მოთხოვნებს პასუხობს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებისათვის ჩვენი პლატფორმის შეთავაზებაა, ჩვენ უკვე  ავტო-დილერებს სხვადასხვა რეგიონებში ლოკალიზებული AI მოდელები შევთავაზეთ. დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ პროდუქტის განვითარებაში, რაც დაგვეხმარა ენის ცვლილების მიუხედავად, შეგვენარჩუნებინა მაღალი ხარისხის დიალოგები. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი ბაზრებისათვის, როგორიცაა მექსიკა და ესპანეთი, სადაც ადგილობრივ ენაზე ინტერაქცია არის აუცილებელი პირობა ბიზნესის წარმატებისთვის“,- აცხადებს სოფო ჭყოიძე.

Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების დინამიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, რაც ერთმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა - ავტო-დილერები უფრო მეტად ადაპტირდნენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან და მისმა გამოყენებამაც ამ სექტორში მკვეთრი ზრდა განიცადა, რამაც თავის მხრივ გაყიდვების ზრდა განაპირობა.

„დილერების მიერ ამ ტექნოლოგიის შესისხლხორცებამ ერთ-ერთი ბოლო წარმატებული "ქეისის" მიხედვით, ჩვენ 62%-ით ვაუმჯობესებთ მომხმარებლის მიერ “ტესტ დრაივის” ჯავშნების რაოდენობას, ასევე 30%-ით გაიზარდა არასამუშაო დღეებსა თუ საათებში ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა,“-აცხადებს სოფო ჭყოიძე.

მისივე ინფორმაციით, Pulsar-ი, როგორც Impel-ის გუნდის ნაწილი, გლობალურ ბაზარზე ოპერირებს. პლატფორმა გამოიყენება 51 ქვეყანაში და ემსახურება 8,000-ზე მეტ ავტო-დილერს. ტექნოლოგია ინტეგრირებულია კლიენტების სრულ ციკლში, რაც მოიცავს, როგორც გაყიდვებსა და სერვისს, ასევე მომხმარებელთან კომუნიკაციას.

Pulsar AI ქართული სტარტაპია, რომელიც ავტომობილის დილერებს 24/7 საათიან რეჟიმში ეხმარება SMS და Email არხების მეშვეობით მომხმარებელს ამომწურავი პასუხები გასცენ. Pulsar AI -მ ამერიკაში ავტომანქანების დილერებისთვის Conversational AI ასისტენტი შექმნა. პლატფორმა ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს.

2021 წლიდან ქართული სტარტაპი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა იგივე Impel-მა შეისყიდა. შეისყიდა. Impel-მა Business Intelligence Group-ისგან ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში სტატუს ჯილდო მიიღო. ჯილდოს მფლობელი ქართული Pulsar-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია გახდა.

გამოგვყევით