ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი მთავარი გასაღები ინვესტორებთან პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებაა. როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა, საქართველო, მიუხედავად დიდი ენერგორესურსებისა, დღეს ენერგოდამოუკიდებელი არ არის და ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ დღეს ენერგოდამოუკიდებლები. თუმცა გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. ამ გზაზე მთავრობა აკეთებს ყველაფერს. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, ქარის, მზის, ჰიდრო მიმართულებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მილიარდამდე ღირებულების ინვესტიციები მივიღეთ. ამის მაგალითია ერთ-ერთი საინვესტიციო ჰოლდინგი „ექსიმ ჰოლდინგი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოების გადაწყვეტილება. ისინი დამატებით 500 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებენ. განვახორციელეთ არაერთი სიმძლავრის აუქციონი, კონკრეტული მეგავატების რაოდენობით და კონკურენცია იყო გამოცხადებულ კვოტებზე ბევრად მაღალი. მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით წამახალისებელი მექანიზმით, რომელიც ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებით გამოისახა. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი ინტერესი, ხელშეწყობა და მთავრობისგან გარანტია რომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია არის გამჭირვალე და კონკურენტულ გარემოში ინვესტირებული“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
მისივე თქმით, კოვიდის დროს, საინვესტიციო ვალდებულებების აღების თვალსაზრისით კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, დღეს ეკონომიკა იზრდება და ინვესტორს აქვს სურვილი, რომ მომდევნო ათწლიანი თუ ოცწლიანი საინვესტიციო პროექტი დაგეგმოს.
„ზამთრის თვეებში ვართ იმპორტდამოკიდებულები, ამავდროულად გვაქვს უხვი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანამ რესურსის ათვისება შეძლოს. კერძო ინიციატორის დაინტერესებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტორს აინტერესებს ფიქსირებული ტარიფი და მივიღეთ გადაწყვეტილება ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმების. ჩავატარეთ აუქციონი რომ დაფიქსირებულიყო მედიანური ტარიფი. თუმცა, სიმძლავრის აუქციონს თავისი შეზღუდვა ჰქონდა, ე.წ. კვოტები იყო ჩაკეტილი. შესაბამისად, რომ დავინახეთ ორჯერ და სამჯერ მეტი ინტერესი, აღარ გავაგრძელეთ სიმძლავრის აუქციონები და უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მედიანურ ტარიფად დავიწყეთ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება. სწორედ ეს არის გასაღები ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევ გზაზე“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.