წყალტუბოში, მეურნეობა „ოტიას ეზოში", რომელიც ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში დაფუძნდა, ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა.
როგორც მეურნეობის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, სახლ-მუზეუმის ვიზიტორებს შორის როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები არიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ჩვენთან ზრდა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, უკეთესი მაჩვენებლების მოლოდინი გვაქვს. ამჟამად, ჩვენი მომხმარებლების 60% ადგილობრივები არიან, ხოლო 40% უცხოელი", - აცხადებს ოტია იოსელიანი.
გარდა ამისა, "ოტიას ეზოში" მიმდინარე წელს სუვენირების მაღაზიის გახსნა იგეგმება, სადაც ვიზიტორებს ქართული ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეეძლებათ. ოტია იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ პროექტში, დაახლოებით, 10 000 ლარამდე დაიხარჯება.
ამასთან, 1 თვეში „ოტიას ეზოში" საოჯახო ტიპის სასტუმრო კოტეჯი გაიხსნება.
ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა.