წყალტუბოში, მეურნეობა „ოტიას ეზოში" საოჯახო ტიპის სასტუმრო კოტეჯი 1 თვეში გაიხსნება. როგორც მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიმდინარე წელს ჯამში 3 კოტეჯი გაიხსნება.
მისივე ინფორმაციით, 1 კოტეჯში 4-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობა იქნება.
"საწყის ეტაპზე 1 კოტეჯი გაიხსნება, ხოლო დაახლოებით, 2 თვეში მეორე და შემდეგ მესამე კოტეჯიც დაემატება. აღნიშნულ პროექტში ჯამში 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კოტეჯში დამსვენებლები საუზმის სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.
დაინტერესება უკვე გამოიკვეთა და გვაქვს მოლოდინი, რომ დამსვენებლები გვეყოლება. დაინტერესებულები არიან როგორც უცხოელები, ისე ადგილობრივები. წინასწარი ჯავშნების სურვილი იყო, თუმცა სანამ არ გავიხსნებით ჯავშნებს არ ვიღებთ", - აცხადებს ოტია იოსელიანი.
გარდა ამისა, "ოტიას ეზო" ლუდის წარმოებისთვის ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. როგორც მეურნეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოსთვის ტერიტორია უკვე შეძენილია და პროექტი, სავარაუდოდ, 2025 წელს განხორციელდება.
"პროექტზე მუშაობა დაწყებულია. ამჟამად, რაც გვაქვს ისევ მცირე საწარმოში ვიმუშავებთ. ახალი საწარმოს პროექტის საინვესტიციო ღირებულება სავარაუდოდ, 200 000 ლარი იქნება. აშენების შემდეგ ჩვენი ლუდის წარმადობა დაახლოებით, 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები და ადგილობრივები არიან. ამჟამად, 6 დასახელების ლუდი გვაქვს და ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა.
რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ, 750მლ) ჩამოსხმა.