საქართველოში წარმოებული ლოკოკინის ნახევარფაბრიკატები შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ჩინეთშიც გაიყიდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჩინეთიდან დაინტერესება სადისტრიბუციო კომპანიისგან არის და ამჟამად, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
"ჩვენი პროდუქცია როგორც ლოკოკინას ნახევარფაბრიკატები, ისე ცოცხალი ლოკოკინა როგორც იცით 3 ქვეყანაში იყიდება. მათ შორის, ესპანეთში, თურქეთსა და საფრანგეთში. მიმდინარე წელს ჩინეთის ბაზრის დამატების გარდა, გვინდა, რომ ესპანეთში გავფართოვდეთ და აღნიშნული ბაზარი უფრო მეტად ავითვისოთ. ასევე, თუ წარმოების მოცულობა საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია ექსპორტი თურქეთის მიმართულებითაც გავზარდოთ. ამჟამად, ჩვენი წარმადობა 100 ტონას შეადგენს", - აცხადებს მერაბ ნადარაია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს "სნეილ ქეჩი" წარმადობის 200 ტონამდე გაზრდას გეგმავს, საიდანაც 120 ტონა, სავარაუდოდ, ნახევარფაბრიკატები იქნება.
ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.