„ინდოეთის ბაზარი ძალიან საინტერესო და დიდი ბაზარია, აღნიშნულ ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების მოხმარების ძალიან ზრდადი ტრენდია“ - ამის შესახებ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლევან ქვარიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინდოეთის მოსახლეობა კაკალს და ნუშს ყოველდღიურად მოიხმარს. საკმაოდ დიდი ბაზარია და დიდი პოტენციალი გვაქვს.
„ჩვენი პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის კაკლოვანი კულტურები, მეორე მომენტი არის ლოგისტიკა და მიწოდების ვადები. თუ შევადარებთ კალიფორნიას, ჩილეს, გაცილებით მარტივად და მოკლე დროში არის შესაძლებელი ქართული კაკლოვანი კულტურა ინდოეთის ბაზარზე აღმოჩნდეს “, - აღნიშნავს ლევან ქვარიანი.
მისივე თქმით, ინდოეთს ნუშის მიმართულებით, დიდ მწარმოებლებთან განსაკუთრებული ტარიფი არ აქვს და აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტი მარტივად არის შესაძლებელი.
„თუმცა კაკალზე აქვთ საკმაოდ მაღალი ტარიფი. ამის მიუხედავად არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც შესაძლებელია, ქართული კაკალი ინდოეთის ბაზარზე აღმოჩნდეს. ძირითადად, არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით ხვდება ხოლმე კაკლოვანი კულტურები ინდოეთში. არა მხოლოდ ქართული, იქნება ეს ჩილე თუ კალიფორნია. სამომავლოდ, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება , თუ დაიწყება მთავრობათაშორის მოლაპარაკება და ტარიფების თემაც გადაიხედება. ჩვენ არ გვაქვს იმხელა მოცულობის კაკლოვანი კულტურა, რომ რაიმე გავლენა მოვახდინოთ ინდოეთის ადგილობრივ წარმოებასთან“, - აცხადებს ლევან ქვარიანი.
მისი ინფორმაციით, ბოლო 6-7 თვეა, რაც კაკლისა და ნუშის საერთაშორისო ფასი იზრდება და ექსპორტიც საინტერესო ხდება.
„მსოფლიოში დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან დაბალი ფასი იყო როგორც კაკალზე, ისე ნუშზე, რამაც ცოტა იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა, ბოლო 6-7 თვეა, კაკლის და ნუშის საერთაშორისო ფასი იზრდება, რომელიც საინტერესოს ხდის ქართული პროდუქციის ექსპორტს. რაც შეეხება ინდოეთს, სხვა ქვეყნებთან შედარებით ცოტა მეტს იხდიან“, - აღნიშნავს ლევან ქვარიანი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში MEWA INDIA 2025 მონაწილეობა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კაკლოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ერთად წარდგნენ საერთაშორისო გამოფენაზე.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ლევან ქვარიანის თქმით, გამოფენაზე ქართულმა პროდუქტებმა დიდი დაინტერესება მოიპოვა და კომპანიებს დიდი პოტენციალი აქვთ, ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ, რადგან ინდოეთის ბაზარი დიდია, ქართული პროდუქცია კი, ხარისხიანი.
„ეს იყო სპეციფიკური გამოფენა, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ მშრალ ხილზე და კაკლოვნებზე. ქართულმა პროდუქციამ ბევრისგან დაინტერესება მოიპოვა, ბევრი გაკვირვებაც იყო, რადგან არ იცოდნენ, საქართველო კაკალს და ნუშს თუ აწარმოებდა.
რადგან ეს სპეციფიკური გამოფენა იყო, ყველა შეხვედრა და ვიზიტი ჩვენს დახლთან, ჩათვალეთ, რომ იყო საქმიანი. პირდაპირ მოლაპარაკება მიდიოდა ფასებთან დაკავშირებით, მიწოდების პერიოდთან დაკავშირებით, ასევე განვიხილავდით ლოგისტიკურ გამოწვევებს, რადგან აქამდე ჩვენ ინდოეთთან ვაჭრობის გამოცდილება არ გვაქვს, შეიძლება ერთეული შემთხვევები იყოს.
რაც შეეხება კონკრეტულ გარიგებებს, არის შემთხვევები, რომ უკვე შეუთანხმდნენ მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ძირითადად მაინც ეს შედეგები აისახება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი მოსავალი გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს 90-95% ქართული კაკლოვანი კულტურების მარაგები ამოწურულია, სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრიდან უკვე განაახლებენ მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან,“-აცხადებს ქვარიანი.