logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლამდე გაგრძელდება

ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლამდე გაგრძელდება

1762855980

ბაზრობის ორგანიზების და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი უქმდება.

კერძოდ,ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა. ეს ამ ვალდებულების რიგით მესამე გადავადება იქნება.

"2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,"- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაუქმებას.

"ვინაიდან ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის განსაზღვრული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტით დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3 პროცენტით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. ამასთან, რადგანაც აღნიშნული ნორმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა, არც მათი დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საჭიროება დამდგარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ნეიტრალურია,"-აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

შეგახსენებთ, ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა  2019 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი. თუმცა მაშინ პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.

გამოგვყევით