logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნულმა ბანკმა ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულის გათეთრების პრევენციის თემაზე ტრენინგი გამართა

ეროვნულმა ბანკმა ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულის გათეთრების პრევენციის თემაზე ტრენინგი გამართა

1762843991

საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრენინგი თემაზე: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ გაიმართა.

ტრენინგის მიზანი იყო ბუღალტრული და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით.

ღონისძიებას  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორი ტატიანა ბერიძე ესწრებოდნენ.

ეკატერინე გალდავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოვა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში თემატური სწავლებისა და ინფორმაციის გაზიარების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  ინტენსიურ კომუნიკაციას საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას, რაც საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა სისტემატურ ინფორმირებასა და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ავითარებს თავის რეგულატორულ და საზედამხედველო ჩარჩოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ტატიანა ბერიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ფინანსურ გამჭვირვალეობაზე, სანდო ანგარიშგებასა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხარდაჭერა და ძალისხმევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობა არის ფინანსური გამჭვირვალობის მთავარი საყრდენი.

„ბუღალტრები პირველ რიგში ვართ ფინანსური უსაფრთხოების მცველები — ადამიანები, რომლებიც უნდა ამოვიცნოთ რისკები, დავიცვათ სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ფინანსურ სისტემაში ნდობის გაძლიერებას. ეს არამხოლოდ იურიდიული მოთხოვნა არამედ ჩვენი პროფესიის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნა ტატიანა ბერიძემ.

ტრენინგს: „ფულის გათეთრების პრევენცია ბუღალტრულ პრაქტიკაში: AML მიდგომები და რისკის მართვის სტრატეგიები“ - ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაპუნა შენგელაია უძღვებოდა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სებ-სა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.

ბუღალტერთა საერთაშორისო ორგანიზაციამ პროფესიული დღე პირველად 53 წლის წინ აღნიშნა, 1976 წლიდან კი 10 ნოემბერი ბუღალტრის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

გამოგვყევით