ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ბათუმსა და ფოთში საზღვაო ნავსადგურებს ეწვია და მათ საქმიანობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა როგორც „ეიპიემ ფოთი ტერმინალს“- ისა და "Pace ჯგუფის" ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის, ისე ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა, კომპანიების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია საოპერაციო საქმიანობის და ნავსადგურების ინფრასტრუქტურული განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.
მინისტრის მოადგილე საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო, რაც შესაძლებელს გახდის, ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნეს ნავსადგურების შესაბამისი საოპერაციო მზაობა.
როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა. მისი თქმით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა - ბათუმის ნავსადგურის შემთხვევაში, 17%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 5%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე გაიზარდა შემოსული გემების ტონაჟიც - ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში დაფიქსირდა შემოსული გემების ტონაჟის 19%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 8%-იანი ზრდა.
ნავსადგურების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა გენერალური და საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის კუთხით არსებულ მზარდ მაჩვენებელებს. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა - 566,565 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება გენერალურ ტვირთებს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებში მათი 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ნავსადგურებში ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საზღვაო ტრანსპორტის საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების, ასევე პერსონალის მომზადების მიმართულებებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
თამარ იოსელიანმა ასევე დაათვალიერა ბათუმსა და ფოთში არსებული ნავთობის, საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალები.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, ბათუმსა და ფოთში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე იმყოფებოდნენ.