logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება"

"მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება"

1762781175

„მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. მეზღვაურების შრომის ბაზარი, თავის მხრივ,  უშუალო კავშირშია პროფესიონალიზმთან და განათლების სისტემის დონესთან. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამა, რათა ქართველ მეზღვაურებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაუადვილდეთ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიებში დასაქმება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მის ფოთის ფილიალში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზღვაო კადრების მომზადების პროცესში  თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ორივე სასწავლებელში სასწავლო პროცესების თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაზე. თამარ იოსელიანის თქმით,  სანავსადგურე სექტორი და საზღვაო საქმიანობა მუდმივად ვითარდება და შრომის ბაზარზე ახალ პროფესიებსა და უფრო კვალიფიციურ მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა, რომელთა დასაკმაყოფილებლად სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლებაა საჭირო. „მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების და შრომის ბაზრის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ასევე ეწვია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული უწყების, როგორც საზღვაო სფეროს ეროვნული მარეგულირებლის როლზე, ასევე იმსჯელა ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას საზღვაო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც ჯაჭვურ კავშირშია პროფილური ბიზნესის ხელშეწყობასთან.

შეხვედრაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე ესწრებოდნენ.

გამოგვყევით