ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBC-ის გადაცემაში განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო(FED) სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჯერომ პაუელის გადაყენებას არ გეგმავს.
CNNbusiness-ის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ეს მისი პირველი საჯარო მხარდაჭერაა პაუელის მიმართ. თუმცა, ტრამპს წარსულში არაერთხელ განუცხადებია უკმაყოფილება პაუელის პოლიტიკის გამო, რაც ძირითადად საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდებოდა.
კერძოდ, 2018 წელს საპროცენტო განაკვეთების ზრდამ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია, რაც, მისი აზრით, ეკონომიკის შენელებას იწვევდა. 2019 წელს მან პაუელი „მტრადაც“ კი მოიხსენია. პანდემიის დროს, 2020 წელს, ტრამპმა გააკრიტიკა მისი გადაწყვეტილებები, თუმცა შეაქო საპროცენტო განაკვეთების ნულამდე შემცირებისათვის, რაც ეკონომიკის დაცემის პრევენციას ემსახურებოდა.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობა კონგრესის მიერაა დაცული, რაც პაუელის თანამდებობაზე დარჩენას მისი ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოფს.
სტატიის მიხედვით, ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება მხოლოდ “სათანადო მიზეზის” (for cause) საფუძველზე შეიძლება, რაც სამართლებრივად რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, მიუხედავად ტრამპის წარსული კრიტიკისა, პაუელი სავარაუდოდ, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე დარჩება.
„ვფიქრობ, პრეზიდენტს ამაზე გარკვეული გავლენა უნდა ჰქონდეს. ამას მტკიცედ ვუჭერ მხარს. მე ბევრი ფული გამოვიმუშავე და ვფიქრობ, ჩემი ინტუიცია ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელობაშია“ განაცხადა დონალდ ტრამპმა.