იაპონური Mitsubishi Motors გეგმავს Honda Motor-ისა და Nissan Motor-ის ალიანსს შეუერთდეს. გამოცემა Nikkei Business Daily-ის ცნობით, მიზანია შეიქმნას ავტოჯგუფი, რომელიც 8 მილიონზე მეტ ავტომობილს კომბინირებულად გაყიდის.
Mitsubishi Motors-ის 34%-იან წილს Nissan ფლობს. Honda-სა და Nissan-თან მისი პარტნიორობის პირობებზე მსჯელობა დასრულების ეტაპზეა, თუმცა, Nikkei-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს სამი კომპანია ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის სტანდარტიზებაზე შეთანხმდება.
Nissan-მა და Honda-მ ჯერ კიდევ მარტში განაცხადეს, რომ განიხილავდნენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რათა ითანამშრომლონ ელექტრო მანქანებისა და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი კომპონენტების წარმოებაზე საავტომობილო პროგრამულ პლატფორმებში.
აღსანიშნავია, რომ Nissan, რომელიც იაპონიის სიდიდით მესამე ავტომწარმოებელია, სტაბილურად კარგავს ბაზრის წილს თავის ორ უმსხვილეს ბაზარზე - შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, რომლებზეც, მისი გლობალური გაყიდვების ნახევარი მოდის.