წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი.
"საქსტატის" ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა (56 პროცენტი) და ქ. ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38 პროცენტი) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.