logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ADB-ის საგანმანათლებლო ინიციატივა — ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ

ADB-ის საგანმანათლებლო ინიციატივა — ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ

1742898115

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავესთან“ თანამშრომლობით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის გაზრდა.

როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სასწავლო ინიციატივა საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს სასკოლო საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება კლიმატის ცვლილების, მისი შერბილებისა და ადაპტაციის შესახებ, წაახალისოს მონაწილეები, თვითონ გახდნენ სასარგებლო გარემოსდაცვითი ინიციატივების ავტორები. პროექტის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან ინტეგრირებულ პროგრამას  „შეარბილე კლიმატის ცვლილება“ და განიხილავენ სასკოლო სივრცეში მისი განხორციელების შესაძლებლობებს.

სწავლება მოიცავს შემდეგ საკითხებს: კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები, მახასიათებლების კვლევა, შედეგები და  შერბილების გზები, შესაბამისი ინიციატივების მოფიქრება და დაგეგმვა სასკოლო გარემოში. სასწავლო მოდული  აერთიანებს თეორიულ, პრაქტიკულ მასალას და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: საინფორმაციო მასალა, აქტივობების კრებული, საპრეზენტაციო რესურსი და პროექტის  განხორციელების  გზამკვლევი, რომელიც ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ მონაწილეებს.

სასწავლო პროგრამაში 600-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთო. სწავლების დასრულების შემდეგ, პროგრამის მასალების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას შეძლებენ როგორც საბაზო საფეხურის გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ინგლისურის, ასევე სხვა საგნების მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ ინტეგრირებული სწავლების მეთოდს.

აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამა „შეარბილე კლიმატის ცვლილება“, რომელსაც ტრენინგი ეყრდნობა — ADB-სა და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ კლიმატის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დარგის ექსპერტების მიერ შეიქმნა.

სასწავლო მასალის შექმნას წინ უძღოდა ორგანიზაციების პირველი საგანმანათლებლო ინტერაქციული პროექტი  „ეკომეგობრული მოძრავი სკოლა,“ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და  ეკოლოგიური გამოწვევების ირგვლივ  სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების გასაერთიანებლად წამოწყებული ინიციატივა.

 პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი (ADB)  წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ბანკი, მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ , ის  გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარების განვითარებაა.  2020 წლიდან,  ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაც საქართველოში  ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. 

 

გამოგვყევით