ქართული საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ "ნენა", რომელიც ნატურალური ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებულ პროდუქტებს აწარმოებს, 2024 წელს ლატვიაში ექსპორტი გააორმაგა. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რომა ანთიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ასევე მატება ფიქსირდება აშშ-ს, კანადისა და ისრაელის მიმართულებებითაც.
„2023-2024 წლებში საექსპორტო ზრდამ 56%-ს მიაღწია, რაც გვაძლევს საფუძველს, მიმდინარე წელს კიდევ უფრო ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს,“-აცხადებს ანთიძე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, „ნენას“ პროდუქცია ახლახანს წარმატებით გავიდა ლიეტუვის ბაზარზეც.
ამჟამად, კომპანიის პროდუქცია წარმატებით იყიდება ასევე რიგ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ, კანადა, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ექსპორტის წილი ჯამში დაახლოებით 40%-ს შეადგენს. როგორც ანთიძე აცხადებს, მენეჯმენტის გეგმაა, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.
რაც შეეხება ასორტიმენტის განახლება-განვითარებას, ანთიძის განცხადებით, კომპანია ამ საკითხზე მუდმივად მუშაობს. ამჟამად, კომპანიის სიახლეებს შორისაა შემდეგი პროდუქცია: ატმის ნექტარი, ფორთოხლის ნექტარი, ვაშლის კომპოტი, ფორთოხლის მურაბა, ჭარხლის მურაბა, ლობიო, ჭარხალი ტყემლის სოუსითა და მსხლის ჯემი.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე ტექნოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს 10-მდე დასახელების ახალ პროდუქტზე, მათ შორის ჯანსაღი კვების მიმართულებით.
„ნენას“ პროდუქცია ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოს წამყვან სავაჭრო ქსელებში, აგრეთვე, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და HoReCa სექტორში.
“ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ამჟამად დაახლოებით 60%-ს შეადგენს,”-აცხადებს ანთიძე.
ცნობისთვის, კომპანია „ნენა“ (კახური ტრადიციული მეღვინეობა - KTW-ს შვილობილი კომპანიაა) ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბრენდია საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო დასავლეთ საქართველოში (ქედა და ჩოხატაური).
„გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ჩოხატაურის საწარმოში მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე დანადგარების მონტაჟი, რაც საწარმოო სიმძლავრის ზრდის და ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს,“-აცხადებს ანთიძე.
კომპანიის ინფორმაციით, დაარსების დღიდან, „ნენამ“ სწრაფი ზრდა, მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვა და ძლიერი პოზიციის დამკვიდრება შეძლო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის ნდობაზე დაფუძნებული, გემოვნებითა და სანდოობით გამორჩეული პროდუქტების შეთავაზებაა.
კომპანია „ნენა“ 50-ზე მეტ სახეობის პროდუქტს აწარმოებს, რაც მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე ინოვაციურ ხაზებს. ჩვენი მთავარი ფოკუსი ხარისხსა და მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.