logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

$428 000 ხელფასი, უფასო ავტომობილი და ბინა - ავსტრალიის ქალაქი ექიმს ეძებს

$428 000 ხელფასი, უფასო ავტომობილი და ბინა - ავსტრალიის ქალაქი ექიმს ეძებს

1743432960

ავსტრალიური ქალაქი, რომელიც სხვა დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ დაშორებულია, ექიმს ეძებს. მედიკოსს, რომელიც ამ ქალაქში დასაქმდება, ადგილობრივი ხელისუფლება წელიწადში 428 ათას დოლარის ხელფასს გადაუხდის. ქალაქ ჯულია კრიკი, სადაც 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, ერთადერთი ექიმის გარეშე მაისიდან რჩება. შეთავაზებული პირობების თანახმად, ახალ ექიმს იჯარის გადახდა არ მოუწევს და უფასოდ ისარგებლებს ავტომობილით.

Associated Press-ის ინფორმაციით, ჯულია კრიკი კუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრისბენისგან 17 საათის სავალ მანძილზეა დაშორებული. უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად კი 7-საათიანი გზის გავლაა საჭირო. ჯულია კრიკში ექიმად მუშაობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ქალაქში ძალიან ცხელა და ტროპიკული მწერებიც ხშირად შეაწუხებენ.

ექიმი ადამ ლოუვსი, რომელიც ქალაქს მაისში დატოვებს, ამბობს, რომ მის შემცვლელს ცხოვრების წყნარი რიტმი და ახალი უნარების ათვისების შესაძლებლობა ელოდება, რომლებიც მანამდე არასდროს დასჭირვებია. ის ქალაქში 2022 წლიდან მუშაობს და 315 ათას დოლარს გამოიმუშავებდა.

მის ჩასვლამდე ქალაქს მუდმივი ექიმი 15 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. მედიკოსები იქ პერიოდულად, დროებით ჩადიოდნენ. თუმცა ეს მხოლოდ ამ ქალაქის პრობლემა არაა და ის ავსტრალიას ათწლეულებია აწუხებს. ავსტრალიის მთავრობის ანგარიშის თანახმად, მთელს ქვეყანაში საერთო პრაქტიკის 2500-მდე ექიმის დეფიციტია და ეს პრობლემა სულ უფრო მწვავე ხდება, განსაკუთრებით - სოფლებში.

ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მის დასახლებებს შორის უზარმაზარი მანძილია, რაც ექიმების მიზიდვისა და დასაქმების პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. 

jandacva.ge 

გამოგვყევით