„საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის ფინანსური შედეგები შთამბეჭდავია და თუ მას შევადარებთ ფართო რეგიონის და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით საპენსიო ფონდების ამონაგების და სხვა პარამეტრების ეფექტურობას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდი ერთ-ერთი მოწინავეა სხვა ანალოგიურ სტრუქტურებს შორის,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის საინვესტიციო ანგარიში.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საპენსიო რეფორმის როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში“, რომელიც საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის საინვესტიციო ანგარიშის ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრებმა, რომლებიც საქმიანობას 2025 წლის მაისიდან შეუდგებიან.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საპენსიო რეფორმა ამ მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით საპენსიო სქემაში საქართველოს თითქმის 1,5 მლნ მოქალაქეა გაწევრიანებული, საპენსიო ფონდში მობილიზებული ფინანსური რესურსის ოდენობა კი 6 მლრდ ლარს აღემატება.
„2025 წელი მნიშვნელოვანი იქნება საპენსიო ფონდის მმართველობითი რეფორმის თვალსაზრისით - გადავდივართ ორი დამოუკიდებელი მმართველობითი რგოლიდან ერთ პროფესიულზე, რომელიც დარგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს როგორც ფონდის მართვას, ისე საინვესტიციო საქმიანობას რაც, საერთო ჯამში, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ფინანსურ შემოსავალს მოუტანს საპენსიო სქემის მონაწილე თითოეულ მოქალაქეს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის მასტიმულირებელ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კერძო სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა, 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მისი დიზაინი სრულად პასუხობს დღესდღეობით კერძო სექტორის საჭიროებებს.
„დღევანდელი მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 245 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდების განთავსება. რაც შეეხება გეგმებს, უკვე დღეს, ამავე პროგრამის ფარგლებში 400 მილიონ ლარამდე ოდენობის პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.