მომდევნო 2 წელში ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების ბუმი გვექნება, თუმცა მზე და ქარი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცმა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შესაბამის უწყებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი განაცხადი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე შედის.
"ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ თვითკმარ ქვეყნად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ჩვენი იმპორტდამოკიდებულებაც გაიზრდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით, 5-დან 14%-მდე გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება.
ჩვენ როგორც სახელმწიფომ, ასევე მოსახლეობამ და ინვესტორებმა უნდა გამოვხატოთ მზაობა, რომ ჰიდრო ენერგეტიკას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს.
ჩვენ სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს - "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი". ცალსახად მინდა ვთქვა როდესაც საქართველოს ევროპას გვადარებენ ხოლმე და ამბობენ, რომ იქ მორატორიუმი არის გამოცხადებული ჰიდროს მიმართულებით - უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავისი პოტენციალის 97% უკვე აითვისეს და ამის ფონზე ჩვენ 20-25% გვაქვს ათვისებული. ამიტომ ის ნაწილი, რაც "ენკა" გააჩერა იყო საზოგადოების პროტესტი და ყველაზე მთავარი გამოწვევა აქ, დაბალი კომუნიკაცია იყო", - აცხადებს მაია მელიქიძე.