logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"არემჯის" ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს

"არემჯის" ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს

1721738774

არემჯის საზაფხულო სკოლა 2024

2-კვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, არემჯის 2024 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდნენ. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან.

26 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მოტივაციით გამოარჩია, 19 - სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 7 - თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტია.

არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის, მისი მიმდინარეობისა და საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიების შესახებ, რომელიც სექტემბერში მონაწილეების მიერ პრეზენტაციების  წარდგენით და მათი დაჯილდოებით დასრულდება.

საზაფხულო სკოლა არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები თავიანთი პროფესიებისა და ინტერესის შესაბამისად გადანაწილდებიან წარმოების სტრუქტურულ ერთეულებში ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.

აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება და საწარმოში ყოფნისას, რეალურ მოცემულობაში გამოიყენონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მიიღეს.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია ის სტუდენტური პროგრამები, რომელთაც არემჯი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.

გამოგვყევით