logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ივლისში ელექტროენერგიის მყიდველებმა ელექტროენერგიის შესყიდვით ₾340 000 დაზოგეს

ივლისში ელექტროენერგიის მყიდველებმა ელექტროენერგიის შესყიდვით ₾340 000 დაზოგეს

1725374460

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში ნაწილობრივ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ერთი თვის თავზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თუკი დასაწყისში აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ოთხმა კომპანიამ გამოთქვა, აღნიშნული მაჩვენებელი ივლისის ბოლოს 13-მდე გაიზარდა. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, ბირჟაზე რეგისტრირებულია:

o ელექტროენერგიის მწარმოებელი: 8

o სისტემის ოპერატორი: 3

o საბოლოო მომხმარებელი: 2

o მიმწოდებელი: 1

რაც შეეხება უშუალოდ ვაჭრობას, ენერგეტიკული ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ჯამური ნავაჭრი რაოდენობა შეადგენს 11624.6 მგვტ.სთ და საშუალო შეწონილი ფასი 126.44 ლარი/მგვტ.სთ იყო. დღიურად, ყველაზე მეტი ელექტროენერგიის ვაჭრობა მოხდა 25 ივლისსნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 2600.6 მგვტ.სთ.

როგორც სემეკის ბაზრის მონიტორინგისდეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე EnergyNews-სთან საუბრისას აცხადებს, ივლისში განხორციელებული ტრანზაქციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჭარბი ელექტროენერგიის დაგროვებაა. მისივე თქმით, ვაჭრობები ძირითადად თვის ბოლოს განხორციელდა.

„როდესაც ბირჟა გაიხსნა სულ ოთხი მონაწილე იყო და პირველი დღეების განმავლობაში ვაჭრობა არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადები მონაწილეების მხრიდან კეთდებოდა. ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი იყო მყიდველისა და გამყიდველის განსხვავებული ფასები. შესაბამისად ვაჭრობები თვის ბოლოსკენ შედგა.  ამ პერიოდში ბაზრის მონაწილეების რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდებოდა. ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე კომპანიები დაკვირვების პოზიციაში იყვნენ და აკვირდებოდნენ აგრეგირებულად მოთხოვნასა და მიწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კომპანიების რაოდენობა გაიზარდა, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბირჟამ მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს ფუნქციონირება. ივლისში გვქონდა რამდენიმე წარმატებული ვაჭრობა, რაც გამოწვეული იყო  ელექტროენერგიის სიჭარბით.  ამ პერიოდში  საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში არის წალუხვობის პერიოდი და ბაზრის მონაწილეებს ჰქონდათ ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა და სწორედ ამ ელექტროენერგიაზე მოხდა ვაჭრობები ივლისის პერიოდში“. - აღნიშნა ნიკოლოზ სუმბაძემ.

ენერგეტიკული ბირჟის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და ბირჟაზე ჩამოყალიბებულ ფასს შორის განსხვავებული იყო, რის გამოც ელექტროენერგიისმყიდველებმა, ჯამურად 2600.6 მგვტ.სთელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს 340 000 ლარი.

ამ ტენდენციის ფონზე ნიკოლოზ სუმბაძე ამბობს, რომ შესაძლოა ბირჟაზე უფრო ნაკლები ვაჭრობა მოხდეს, რადგან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ძირითადად არსებობს პირდაპირი ხეშლეკრულებები, რითაც არსებობს, რომელთა ნაწილში ფასები ფიქსირებულია, თუმცა უმეტესად პირდაპირი ხელშეკრულებების ფასი განისაზღვრება არის ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის ფასის გამოყენებით.

„ბირჟაზე ფასწარმოქმნა შემდეგნაირად ხდება. ბაზრის მონაწილე გამყიდველი პროგნოზირებს, რომ მაგალითად, საბალანსო ფასი იქნება 15 თეთრი. ეს გამყიდველი თავის ელექტროენერგიას სტრატეგიიდან გამომდინარე მაგალითისთვის ფასს ადებს 15 თეთრს მინუს 10% . იგივენაირად მყიდველიც პროგნოზირებს რომ მაგალითად ფასი იქნება 15 თეთრი და მზადაა ელექტროენერგიაში გადაიხადოს 15 თეთრს მინუს 10%.  თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პირდაპირი ხელშეკრულებების ბაზარი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ბირჟის ალტერნატივადაც. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობა ძირითადად ხდება მხოლოდ იმ ელექტროენერგიაზე, რომელიც  არ არის დაკონტრაქტებული. თუ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს არ აქვთ პირდაპირი ხელშეკრულებები, მათ დიდი ალბათობით მოუწევთ რომ საბალანსო ბაზარზე იყიდონ და გაყიდონ ენერგია. შესაბამისად, სწორედ ასეთი ენერგიის შეთავაზება ხდება ბირჟაზე. თუ ვაჭრობა მოხდება ბირჟაზე, რასაკვირველია, მყიდველს ექნება დანაზოგი, ხოლო გამყიდველს მოგება საბალანსო ბაზართან შედარებით, თუმცა თუ უკვე დაკონტრაქტებულები არიან პირდაპირი მომხმარებლები, ან მწარმოებლები, მათ  არ აქვთ სურვილი რომ შევიდნენ ბირჟაზე და განახორციელონ ვაჭრობა.

აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია დავუშვათ თუ როგორ განვითარდება მოვლენები სექტემბერში ან ოქტომბერში. სავარაუდოდ უფრო და უფრო ნაკლები ვაჭრობა იქნება, რადგან არსებული ტენდენციის გათვალისწინებით მონაწილეებს უფრო მეტად პირდაპირი კონტრაქტები აქვთ ათვისებული“.-აცხადებს ნიკოლოზ სუმბაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა სრული დატვირთვით მუშაობას 2025 წლის ივლისიდან დაიწყებს. სემეკის ბაზრის მონიტორინგისდეპარტამენტის დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ შემდეგ თვეებში მნიშვნელოვანი ვაჭრობები ბირჟაზე არ განხორციელდება, ეს მაინც ვერ შეაფერხებს სამიზნე მოდელის ამოქმედებას.

„არსებული მოდელი არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი.  ბაზრის მონაწილეების გარკვეულ რაოდენობას შეუძლია რეალურად ნახოს თუ რა  პროცესები მიმდინარეობს ბირჟაზე, როგორ ხდება ვაჭრობა და სრული ციკლი თავიდან ბოლომდე გაიარონ. რაც შეეხება სამიზნე მოდელს, რომელიც 2025 წლის პირველ ივლისს უნდა გაიხსნას, ის ეხება უკვე დაბალანსების მოდელის ამოქმედებას, რაც გულისხმობს საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლას და უბალანსობის პრინციპის დანერგვას. ამ ნაწილში მიმდინარეობს სიმულაციები როგორც საბალანსო ბაზრის ოპერატორის მხრიდან, ისე კომისიის ჩართულობითაც. შესაბამისად, საბოლოო მოდელი იქნება შემავსებელი იმისა, რაც დღეს ჩვენ ბირჟაზე გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ  ბირჟაზე შეიძლება მნიშვნელოვანი ვაჭრობები არ განხორციელდეს დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ეს მაინც არ შეაფერხებს სამიზნე მოდელის ამოქმედებას“. - განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

energynews.ge

გამოგვყევით