თამაშით სწავლება და განმავითარებელი რესურსები - ეს იყო მთავარი მიზანი, რამაც ახალს სტარტაპს ჩაუყარა საფუძველი.
Ketart-ი სპეციალური საჭიროების ბავშვებზეა გათვლილი, რომლებსაც თექისგან შექმნილ განმავითარებელ წიგნებს სთავაზობს.
"ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის რაღაცას ვქმნი, ვხატავ, ვკერავ სხვადასხვა ნივთებს ვამზადებ. მქონდა რამდენიმე წამოწყება ხელნაკეთი ნივთების, თუმცა რასაც ახლა ვქმნი ყველაზე სასარგებლოა, რაც აქამდე გამიკეთებია. ჩემს შვილს აქვს აუტისტური სპექტრი, ამ დროს მოგეხსენებათ განმავითარებელი რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მდგომარეობამ გადამაწყვეტინა მე თვითონ შემექმნა ჩემი შვილისთვის და ასევე სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში დაეხმარებოდა მათ. თავიდან ჩემი ხელით ვხატავდი სხვადასხვა აქტივობებს, შემდეგ კი დავიწყე თექის წიგნების და სხვადასხვა საგანმანათლებლო, განმავითარებელი რესურსის შექმნა", - ამბობს ქეთი კუბლაშვილი.
სტარტაპის დამფუძნებელი ქეთი კუბლაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ 2 თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ჯერ მხოლოდ ონლაინ ხდება რეალიზაცია.
"დღეისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ორი პროდუქტი, თუმცა ძალიან მალე განსხვავებული აქტივობების მქონე მინი წიგნები ჩაეშვება გაყიდვაში. ინტერესი და მოთხოვნა ნამდვილად არის, თუმცა როდესაც უფრო დიდ არჩევანს შევთავაზებ მომხმარებელს, ვფიქრობ ეს მოთხოვნაზე და გაყიდვების მაჩვენებელზე დადებითად აისახება. ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადია წიგნი, რომელშიც სხვადასხვა შესაკრავებია მოცემული, რაც ბავშვებს მოტორული უნარების განვითარებაში ეხმარება", - ამბობს Ketart-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, სამუშაო პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია, უნდა შეიქმნას თითოეული დეტალის თარგი, შემდეგ სათითაოდ ამოიჭრას და დამუშავდეს.
"მასალად ვიყენებ დამუშავებულ თექის ნაჭრებს, რომელიც არც თუ ისე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ვცდილობ ვიმუშაო მხოლოდ ხარისხიანი მასალით, რომელთა მოძიებაც საკმაოდ რთულია და ფასიც მაღალი აქვს. რაც შეეხება კონკურენციას, მსგავსი პროდუქტი შემხვედრია, თუმცა, ვფიქრობ ზუსტად ვიცი რა არის საჭირო ბავშვის სწორი განვითარებისთვის და ვცდილობ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობებით დავტვირთო ჩემი წიგნები", -აღნიშნავს ქეთი კუბლაშვილი.
სტარტაპის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, უფრო მრავალფეროვანი ინტერაქციული რესურსი შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს, რომელიც იქნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ბავშვებისთვის სასარგებლო.