logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივლისში, თბილისში ბინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა, ქირის ფასი 0.9%-ით შემცირდა - "გალტ & თაგარტი"

ივლისში, თბილისში ბინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა, ქირის ფასი 0.9%-ით შემცირდა - "გალტ & თაგარტი"

1725450697

2024 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც შესუსტებული რჩება 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. შედეგად ფასების ზრდა შენელდა და 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ივლისში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში. ამის შესახებ "გალტ & თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული. 

მათივე ინფორმაციით, შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზე - ივნისი/ივლისის პერიოდში ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით, შესაბამისად.  

მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები სავარაუდოდ მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ელოდებიან.

2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6%-იანი ზრდა. ამასთან, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22 253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა.

ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

2024 წლის ივლისში პირველად ბაზარზე საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველად ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, რაც შესუსტებული მოთხოვნის ეფექტია.

 2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+1.9% წ/წ).

თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა.

"გალტ & თაგარტის" კვლევის მიხედვით,  2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.

"გალტ & თაგარტის" მიერ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა 2024 წლის ივლისში ჩატარდა, რომელიც მოიცავდა 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით: 2024 წლის ივნისში დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ შესუსტებული რჩება: +17.7% მაისთან და -34.1% აპრილთან შედარებით. 2024 წლის მაისში მკვეთრი კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ლარის კურსის მერყეობამ პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.

2024 წლის ივნისიდან დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა. 2024 წლის პირველ ნახევარში, დეველოპერების პროექტებში საქართველოს მოქალაქეებმა მთლიანი გაყიდვების 76% შეადგინეს, 2023 წლის 80%-თან შედარებით. აღსანიშნავია, რომ

ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 4%-დან 11%-მდე, რაც ანაზღაურებს რუსეთის მოქალაქეების წილის შემცირებას, რომელიც 8%-დან 2%-მდე დაეცა.

აღსანიშნავია რომ, პროექტებში, რომლებიც 2024 წელს სრულდება, ბინების 84%-ზე მეტი გაყიდულია.

გამოგვყევით