გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ზოტში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. პარალელურად, დეპარტამენტი, მათ შორის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, მხოლოდ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 380 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის - 17 უკანონო სახერხი საამქრო.