logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

1762498245

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქციას მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ.

ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 60 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული კალმახის სახეობაც.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გასული წლიდან, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დასჯადია ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც.

უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გამოგვყევით