პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიწყება საუბარი.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-სთან არც თავისუფალი ვაჭრობა აქვს, არც უვიზო მიმოსვლა. ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კი, ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.
„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.