logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მანგლისში შესაძლოა, საცხენოსნო კლუბი მოეწყოს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისში შესაძლოა, საცხენოსნო კლუბი მოეწყოს. ამის შესახებ დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმაშია  ნათქვამი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საცხენოსნო კლუბში შესაძლებელია, ჯირითის გაკვეთილები მოეწყოს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სტუმრებს შეეძლებათ, ალგეთის ეროვნულ პარკში გასასეირნებლად ცხენები იქირაონ.

მანგლისის განაშენიანების პროექტის მიხედვით, საცხენოსნო კლუბს წელიწადში დაახლოებით, 5 000 ვიზიტორი ეყოლება.

"რეკომენდირებულია დაბაში განვითარდეს საცხენოსნო კლუბი. ჩვენი პროგნოზით, საცხენოსნო კლუბს წელიწადში 5,000 ვიზიტორი ეყოლება და იპოდრომის წლიური შემოსავალი $125 ათასს მიაღწევს.

დაბაში, მანგლისის სიონის სიახლოვეს, მის სამხრეთ ნაწილში, იოანე მანგლელის ქუჩის გადაღმა არსებულ სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, რომლის ზომაა 21,786 კვმ, ჩვენ შევარჩიეთ საცხენოსნო კლუბის განსავითარებლად. აქედან 1,000 კვმ შეთავაზებულია, რომ დაეთმოს შენობებს, რომელიც განკუთვნილი იქნება თავლებისთვის. 

აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდინარის ნაპირას დახრილ ფერდებზე მდებარეობს. ტერიტორიის ჯამური სადეველოპერო ფართი 165,228 კვმ-ს შეადგენს. ჩვენ განვიხილავთ არსებული ტერიტორიის პოტენციურ განვითარებას კომუნური კონცეფციით, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების შერწყმას სოფლის, ან სხვა ტიპის მეურნეობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთებთან. მიწის ნაკვეთები განლაგებულია მდინარის ნაპირას, რაც ასევე ქმნის მდგრადი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

გარდა ამისა, იმავე პროექტის მიხედვით მანგლისში იგეგმება: ერთი დახურული სპორტდარბაზის და ერთი ღია სპორტული მოედნის განვითარება. ამასთან, დასასვენებელი, რეკრეაციული, კომერციული, საგანმანათლებლო/კულტურული და გასართობი სივრცეების მოწყობა.

"აღნიშნული მოიცავს ახალ საცხოვრებელ დასახლებებს, მრავალფეროვან სასტუმრო დაწესებულებებს და განახლებულ ტურისტულ ატრაქციებს. გარდა ამისა, კონცეფცია მოიაზრებს ახალ საგანმანათლებლო და კულტურულ ობიექტებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას და საფეხმავლო ზონებთან ინტეგრირებულ საკვებს და სავაჭრო ზონებს, რომლებიც ერთიანობაში შექმნის მრავალფეროვან და მიმზიდველ გარემოს როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების წესებს მოიცავს.

ახალი რეგულაციები განსაზღვრავს, როგორ უნდა მომზადდეს გენერალური გეგმები, ზონისა და ინდივიდუალური სამშენებლო პროექტები. ამასთან, პროექტი  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების მოთხოვნებს შეესაბამება. მისი მიზანია მუნიციპალიტეტში  საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ეფექტური დაგეგმარება.

გამოგვყევით