თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას ინფორმაციით, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მიწაზე საკუთრების უფლება მშენებლობის ნებართვას არ უდრის.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში კობა ყალიჩავა აღნიშნავს, სამშენებლო კოდექსი ძალიან დალაგებულად ამბობს, რომ საკუთრება, შესაძლოა, მიწაზე გქონდეს, მაგრამ მშენებლობა არ შეგეძლოს.
მისივე თქმით, დღეს თბილისში მშენებლობები ადამიანურ მასშტაბში არ მიდის და გარკვეული სახის პრობლემები არსებობს.
"სამშენებლო კოდექსი დღევანდელ გამოწვევებს ნადვილად პასუხებს, უბრალოდ, ეს თბილისში არ მოქმედებს. ახალი გენერალური კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო კოდექსი თბილისში ამოქმედდება.
ზოგადად, გენერალური გეგმა გარანტია არ არის, რომ ერთი შენობა ნაგებობა ხარისხიანი იქნება, გენერალური გეგმა სხვა რამეზეა პასუხისმგებელი... უნდა ვიცოდეთ, რომ მიწაზე საკუთრების უფლება მშენებლობის უფლებას არ უდრის! ამ ყველაფერმა, როდესაც კოდექსი ამოქმედდა, გარკვეული პერიოდით ბათუმში მშენებლობები გააჩერა. ახლა განახლდა, მაგრამ სხვა მექანიზმებით, ეს ყველაფერი ცალკე თემაა... მეორე საკითხია, მიწაზე შენობა-ნაგებობა როგორ უნდა აშენდეს, კოდექსში მთელი ერთი თავია ხარისხობრივი მოთხოვნების შესახებ. კერძოდ, შენობა ისე უნდა დაპროექტდეს, აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს, რომ ჩამოვარდნა, დაჯახება, ადამიანების დაზიანება არ გამოიწვიოს. სამშენებლო კოდექსის 84-ე მუხლში პირდაპირ აღნიშნული სიტყვები წერია... დღეს, რასაც აშენებენ, კერძოდ, ვიზუალურად რასაც ვუყურებთ, არავის მოგვწონს, ბევრი რამ გადასახედია. ეს მოცულობები არ უნდა იყოს, ქალაქში მშენებლობა ადამიანურ მასშტაბში უნდა მიდიოდეს", - აღნიშნავს კობა ყალიჩავა.