ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N96 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი ყოველწლიურად იზრდება, თავისთავად იზრდება მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც, რადგან არსებული რესურსი გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს იყო როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ისე არსებული შენობების განახლება და მოწესრიგება. უკვე ათასობით მშობელი და პატარა გავახარეთ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და სააგენტო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. უკვე გამოცხადდა ტენდერი ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N96 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობაზე. საბავშვო ბაღის ამჟამინდელი შენობა არქიტექტურულად არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც, პროექტის ფარგლებში მოხდება მისი დემონტაჟი და აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, სამსართულიანი შენობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღი ექვს ჯგუფზე იქნება გათვლილი და 170 აღსაზრდელს მოემსახურება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც შენობის დემონტაჟი და ახალის მშენებლობა დაიწყება.
„რაც მთავარია, სამუშაოების მიმდინარეობისას N96 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, რადგან მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.