საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას ახალი, მულტიდისციპლინარული სასწავლო დაწესებულება "ორვიქსი" შეემატა. როდიდან იქნება შესაძლებელი საგანმანათლებლო ცენტრის სამენტორო პროგრამებზე დარეგისტრირება და როგორია ამ დროისთვის პროგრამების კატალოგი,"ბიზნესპარტნიორთან" "ორვიქსის" დამფუძნებელი ლაშა ბარბაქაძე საუბრობს:
- როდის მიიღებთ პირველ ნაკადს და რა არის ის „ორვიქსის“ძირითადი მისია, რის გამოც გაერთიანდით და გადაწყვიტეთ, რომ შეგექმნათ მულტიდისციპლინარული სასწავლო დაწესებულება?
"ორვიქსი" არის მულტიდისიპლინარული სასწავლო კლუბი, რომელიც ძირითადად, ბიზნეს და პერსონალური ზრდის მიმართულებით სამენტორო პროგრამებზეა ფოკუსირებული. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული გაგებით ლექციები, ყველა შეხვედრა არის პირისპირ (სტამბაში, D ბლოკი) და მიმდინარეობს ინტერაქტიულად. მონაწილეები მოდიან საკუთარი კონკრეტული მიზნით, პრობლემით და პროგრამის განმავლობაში აქტიურად მიდის მათი "ქეისების" განხილვა.
- რა ტიპის კურსებს, ტრენინგებს შესთავაზებთ დაინტერსებულ პირებს, გასცემთ თუ არა სერთიფიკატს და რა ღირებულების იქნება თქვენთან ბიზნეს-არაფორმალური ფინანსური განათლების მიღება?
პირველ ეტაპზე ვიწყებთ 5 სამენტორო პროგრამით:
- ალფა ტრანსფორმაცია მენეჯერებისთვის. ეს კურსი აერთიანებს 4 მოდულს (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი და გაყიდვები) და გათვლილია საშუალო ზომის კომპანიების მენეჯერებზე და სტარტაპერებზე. მიზნად ისახავს რომ 2 თვის მანძილზე ინტენსიური სწავლების და რეალურ "ქეისებზე" მუშაობის გზით გარდაქმნას მენეჯერები "ალფა მენეჯერებად", რომლებსაც შეეძლებათ ბიზნესის ნებისმიერ ასპექტზე საკუთარი აზრის დაფიქსირება, მათი სწორად აღქმა და გადაწყვეტილების რაციონალურად მიღება. პროგრამას გაუძღვება 3 მენტორი. //16 შეხვედრა, 50 საათი//
- მიჰყიდე იდეა - PITCHING. მოცემულ კურსში "მიყიდვას" გავივლით 5 სხვა და სხვა რაკურსით. "სილიკონ ველის" ტრენერების შემუშავებული "ფიჩინგის" მეთოდი, პერსონალური გაყიდვები ხრიკები, მოლაპარაკების ტექნიკა, storytelling-ი (რომელსაც მოწვეული სტუმარი, ირაკლი კაკაბაძე წაიყვანს) და "ფიჩინგი" გასაუბრებაზე. ამ 5 მეთოდის დაუფლებით მიყიდვის ხელოვნებას მსმენელი წარმატებით გამოიყენებს მთელი ცხოვრების მანძილზე ბიზნეს თუ პირად ურთიერთობებში. //7 შეხვედრა, 21 საათი//
- სხვანაირი HR. ამ კურსის მიზანია კომპანიის დამფუძნებლებს და დიდი/საშუალო ზომის კომპანიების ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს სხვა კუთხიდან დაანახოს HRM. განიხილოს ისეთი საკითხები, როგორიცაა: რეკრუტინგიდან დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერებამდე; თაობები და მათთან კომუნიკაცია; სამუშაო სტრესი, მენტალური კეთილდღეობა და FLOW; ტალანტების უჯრედოვანი მატრიცა და სხვ. ეს სამენტორო პროგრამა სრულიად სხვა პერსპექტივიდან დაანახებს მენეჯერებს თუ ხელმძღვანელებს ადამიანურ რესურსებს და მათი მართვის შესაძლებლობებს. //6 შეხვედრა, 18 საათი//
- პოზიციონირება საზოგადოებაში - PERSONAL BRANDGING. კურსი შეეხება პერსონალურ ბრენდს, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, თუმცა უმრავლესობას უჭირს მისი სწორად პოზიციონირება. გამოცდილი მენტორი დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი პირადი ბრენდის სწორ არტიკულირებაში, გამოიხატება ეს სოციალურ ქსელში აქტივობებით, ჩაცმით, საუბრის მანერით თუ სხვა. //7 შეხვედრა, 21 საათი//
- მომხმარებლებთან ურთიერთობა. მოცემული კურსი არ არის მომსახურე პერსონალისთვის გათვლილი. ის ფოკუსირდება დამსაქმებელზე/მენეჯერზე და აწვდის მას ინფორმაციასა და იარაღებს იმისთვის, რომ სწორად შეძლონ მომხმარებლებთან ურთიერთობის სისტემის აწყობა და მათი თავად დატრენირება. თანამედროვე სამყაროში ეს უდიდესი გამოწვევაა და ორი გამოცდილი პრაქტიკოსი ექსპერტი შეეცდება გაუზიაროს მსმენელს საკუთარი გამოცდილება და თეორიული აუცილებელი საბაზისო მასალა, რათა ერთი შეხედვიტ ყველასთვის სუსტი წერტილი კომპანიებმა გადააქციონ კონკურენტულ უპირატესობად. //4 შეხვედრა, 12 საათი//
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი „ორვიქსის ორდენი“
- დაინტერესებულ პირებს რა ფორმით შეეძლებათ კურსის გავლა, იქნება ეს ფიზიკური სალექციო თუ ონლაინ შეხვედრების მიმართულება?
შეხვედრები იქნება მხოლოდ პირისპირ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია მონაწილეების სრული ინტეგრაცია პროცესში, აზრების გაცვლა-გამოცვლა. ამ მიზნის მიღწევა ონლაინ შეუძლებელია. ძირითადად შეხვედრები იმართება კვირაში 2-ჯერ 3-3 საათით. გარემო მაქსიმალურად თავისუფალი და კლუბურია, რასაც „სტამბას“ ატმოსფეროც უწყობს ხელს.
- ამ ეტაპისთვის რამდენი მენტორი იქნება, მათგან რომელიმე ხომ არ არის უცხოეთიდან მოწვეული?
მოცემულ კურსებში მონაწილეობას იღებს 6 მენტორი, რომლებიც ერთის მხრივ, თავისი საქმის პრაქტიკოსი ექსპერტები არიან, ხოლო მეორეს მხრივ აქვთ სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ექსპერტს აქვს ქართულ ბიზნესში მოღვაწეობის უდიდესი გამოცდილება, შესაბამისად მათი დაგროვილი ცოდნა არის ქართულ გარემოზე მაქსიმალურად მორგებული. ჩვენი მიზანი არ არის მივცეთ მსურველებს ინფორმაცია, რომელსაც ვერ გამოიყენებენ. ჩვენი ექსპერტები აძლევენ მონაწილეებს როგორც საბაზისო ცოდნას, ასევე პრაქტიკულ ხელსაწყოებს, რომ ეს ცოდნა ხვალვე დანერგონ საკუთარ საქმეში.
- როდის გამოცხადდება პირველ კურსზე მიღება და როგორ მოხდება შერჩევა? დაინტერესებული პირი რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს?
სამენტორო პროგრამებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა 11 ნოემბრიდან გაიხსნა. უმრავლეს კურსზე მოსახვედრად აუცილებელია გასაუბრების გავლა, სადაც შემოწმდება რამდენად ადეკვატურია მსურველის მოლოდინები იმისა, რასაც ის ისწავლის. რამდენად ზედმეტად ან ნაკლებად კვალიფიციური იმ პროგრამის, რომლის გავლაც იგეგმება და ფსიქოტიპი რამდენად თავსებადია ჯგუფის სხვა წევრებთან. ვინაიდან ჩვენთვის თითოეული მონაწილის პირადი "ქეისების" გავლა არის უმნიშვნელოვანესი, ჯგუფები დაკომპლექტდება არაუმეტეს 10-12 ადამიანისგან, რათა სათანადო ყურადღება დაეთმოს ყველას.
- რა ტიპის სეგმენტზე ფიქრობთ გასვლას და თქვენი აზრით, რამდენად მოთხოვნადი იქნება აღნიშნული სამენტორო პროგრამა?
სხვა და სხვა პროგრამა განსხვავებულ ადამიანებზეა გათვლილი. მარტივად თუ შევაჯამებთ, ძირითადად ვფოკუსირდებით პრეტენდენტებზე, ვისაც უნდა ნახტომისებური ზრდა კარიერულად და პიროვნულად. ძირითადად ჩვენი კურსები საინტერესოა საშუალო ზომის კომპანიების მენეჯერებისთვის, ანტერპრენერებისთვის, სტარტაპერებისთვის და მუდმივი განვითარების მსურველებისთვის.
- რატომ დადგა აღნიშნული განათლების ცენტრის დაფუძნების საჭიროება და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, მათ შორის, ხომ არ განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო განათლების ცენტრან/კოლეჯთან თანამშრომლობა ან კურსების გამრავალფეროვნება?
დღეს ბაზარი სავსეა „სასწავლო ცენტრებით“, რომლებიც ძირითადად ონლაინ ცდილობენ გარკვეული ინფორმაციების მიწოდებას მსურველებისთვის. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს.
ჩვენი მიდგომაა, რომ თეორიისა და პრაქტიკის საუკეთესო ნაზავი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ისინი მიიღებენ ერთის მხრივ საბაზისო ცოდნას და ამას დაუმატებენ ქართულ ბიზნესში არსებულ გამოცდილებებს, ხოლო მეორეს მხრივ უშუალოდ მათი პრობლემის გადაჭრის გზებს წაიღებენ შეხვედრებიდან. ჩვენ მათ გავუწევთ მენტორინგს, რაც მოიცავს სწავლებას თუმცა გაცილებით მეტია. ჩვენ მათ რეალურ ზრდას და რეალური გამოწვევების ერთად გადალახვას ვთავაზობთ.