logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი საჯარო კონსულტაციებისთვის კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტს აქვეყნებს

სებ-ი საჯარო კონსულტაციებისთვის კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის წესში შესატანი ცვლილების პროექტს აქვეყნებს

1731593309

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით, „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. 

აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.

საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. აღნიშნული ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას, ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზეა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევა. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება), ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოება ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობა. უფრო კონკრეტულად, მსგავს შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის გარდა 0.5%-ის ან 1%-ის ოდენობით.

ბრძანების პროექტი საჯარო კონსულტაციის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული. შემოთავაზებების, შეკითხვების და მოსაზრებების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამისი დანართის მიხედვით ელ-ფოსტაზე - policy@nbg.gov.ge, 2024 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით შეუძლია.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს

გამოგვყევით