ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში, სითხის სახით განთავსებული, საერთო ჯამში - 375 მილიგრამი ,,მეთადონი“. ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სამგზავრო ჩანთებში, სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა ,,ლირიკა“ ჰქონდათ განთავსებული.
აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.