სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტორებმა ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ ყველს.
"ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას."-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.