“ტიფლისის დარბაზი“ – ეს ახლახან დაფუძნებული სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა. „დარბაზის გაცხადებულ მიზანს დედაქალაქის პრობლემატიკაზე მუშაობა და თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზე ზრუნვა წარმოადგენს.
“კვირას” შეკითხვებს „ტიფლისის დარბაზის“ იდეის ავტორი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი, „დარბაზის გამგეობის“ თავმჯდომარე, თემურ ჭიჭინაძე პასუხობს.
- ბატონო თემურ, თბილისს საჭირბოროტო საკითხები არასდროს მოკლებია. რამ გადაგაწყვეტინათ დედაქალაქის პრობლემებზე მუშაობაში ჩართვა და რატომ ახლა და რატომ თქვენ და თქვენი მეგობრები
ჩვენ, ბიჭები, ასე ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, ბევრი ათეული წელია, გვერდიგვერდ მოვდივართ თბილისში და ამ ხნის განმავლობაში ჭაღარაც მოგვეძალა და გამოცდილებაც დაგვიგროვდა, პიროვნულიც, პროფესიულიც… რა თქმა უნდა, ურთიერთობებიც ძველი ღვინოსავით, სულ უფრო სასიამოვნო და მოსაფერებელი გახდა. მთავარი კი ის არის, რომ როგორც ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ჩვენთანაც ასეა – გული არ დაგვიბერდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი მეგობრული და ერთგვარი სალონური საუბრებისთვის მეტი ძალა და ენერგია მიგვეცა.
წლების წინ, ჩვენი პერიოდული შეკრებისას, იდეის დონეზე ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი იმ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, რასაც ერთმანეთს ლამის ყოველდღიურად ვუზიარებდით, კონკრეტულ ფორმას მივცემდით და თბილისელების წინაშე წარმოვადგენდით. ნელ-ნელა ეს იდეა რეალობად ვაქციეთ და შევქმენით „ტიფლისის დარბაზი“. ასე მივედით მეგობრული საუბრებიდან ერთგვარ პასუხისმგებლობამდე. თუ რა გამოგვივა, რას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის, რამდენად გაგვიმართლებს ჩანაფიქრი, ამას ვფიქრობ, მალევე შეიტყობს და შეაფასებს თბილისი და თბილისელები.
რაც შეეხება კითხვას – რატომ ახლა? – ახლა იმიტომაც, რომ ტექნოლოგიური განვითარების დღევანდელი უსწრაფესი ტემპის ფონზე, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტადაა საჭირო გადაწყვეტილებებისას დაფიქრება, განსჯა, აწონ-დაწონა, მოსაზრებების შეჯერება, საუკეთესო გამოცდილებებზე დაყრდნობა და ისე მოქმედება.
თბილისი, როგორც ყველა ქალაქი, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც პროცესები არ ჩერდება და შესაბამისად, ბევრ კარგ ინიციატივასთან ერთად, გვხვდება ქალაქისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებები და გადაწყვეტებიც. ჩვენს მისიასაც ამაში ვხედავთ, რომ კარგი შევაფასოთ და დავაფასოთ, ხოლო თუკი რაიმეს არაადეკვატურად და დამაზიანებლად მივიჩნევთ, ისიც აუცილებლად აღვნიშნოთ. ანუ, ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არა, არამედ, დედაქალაქის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავწიოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი წილი საზოგადოებრივი მონიტორინგი.
ვფიქრობთ, ამ და ამდაგვარ პროცესებში მონაწილეობა და საკმაოდ წონადი სიტყვის თქმა შეგვიძლია. საბოლოოდ კი ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ გვინდა შეძლოს და შექმნას პრაქტიკა, როცა დედაქალაქის, ჩვენი ყველას მთავარი ქალაქის ცხოვრებაში, მის ყოველდღიურობაში მონაწილეობა იქნება ქმედითი, ეფექტური და ეფექტიანი.
გიპასუხებთ კითხვაზეც, თუ რატომ ჩვენ, როგორც აღვნიშნე – „ბიჭები“. – რადგან ჩავთვალეთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ცხოვრების განვლილი გზით და ავად თუ კარგად, ზურგს უკან მოტოვებული საქმეებით, დავაგროვეთ გარკვეული ცოდნაც და გამოცდილებაც, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით. „ტიფლისის დარბაზის“, ანუ ძველი თბილისელების მიერ შექმნილი ახალი გაერთიანების მეშვეობით.
ჩვენი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა ის ხალხი ვართ, ვინც თბილისს, მხოლოდ გიზო ნიშნიანიძის (ამ ნათელი ქალაქის წინაშე ძალიან დიდი დამსახურების მქონე კაცის) ეპოქალური წიგნიდან – „პაემანი ვერაზე“, კი არ ვიცნობთ, არამედ იქ ასახული თბილისის ცხოვრებით გვიცხოვრია, საქართველოს მთავარი ქალაქის პეწი და ლაზათი სრულად შეგვიგვრძვნია, ვინც ნამდვილად ვიცით, რას შინაარსით არის სავსე, როცა ამბობენ – თბილისური სიყვარული, თბილისური პატივისცემა, თბილისური მეგობრობა და თბილისური მეზობლობა. – ეს განცდა და შეგრძნება გვინდა, რომ გავაათკეცოთ და მომავალი თაობების თბილისელებს გადავცეთ, როგორც ერთგვარი არამატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც ბარე ბევრ მატერიალურს სჯობს!
- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენი „დარბაზის“ ბირთვს წარმოადგენს?
მათი სახელების ჩამოთვლა მე ყოველთვის მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, მათ უმრავლესობას თქვენ და თქვენი მკითხველიც კარგად იცნობთ. აი ისინიც:
მერაბ ახობაძე - მათემატიკოსი, მართვის სისტემების სპეციალისტი, პროფესორი; ნუგზარ ჭიჭინაძე – ბიზნესმენი, გურამ (ტურკეცა) კალანდაძე; კოტე იაშვილი – ეკონომისტი – ძირძველი თბილისელები. ზაზა ვეფხვაძე (ბოკვერა) და ზურაბ ცქიტიშვილი – ტრიო „სიმი“-დან; მალხაზ თავართქილაძე – ცნობილი არქიტექტორი, „ცისფერი ტრიო“-დან; ვახტანგ ლაღიძე – ბიზნესმენი და დიდი მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი; თემურ ქურხული – ბიზნესმენი; ლევან კალანდაძე – დამსახურებული სპორტსმენი; კიჭა არველაძე – ექიმი, ქალაქის კოლორიტი და ყველასთვის საყვარელი ძმები არველაძეების მამა; მერაბ ადეიშვილი და ვახტანგ ქუთათელაძე – თავიანთი საქმის უზადო პროფესიონალები; დავით ღვინიაშვილი – მხატვარი და ქალაქის სამსახურში თავდადებული კაცი; თემურ ხუროძე – მათემატიკოსი, მეცნიერი, ათწლეულები თაობების განათლების საქმეში მყოფი; ზურაბ ფაღავა – საქვეყნოდ ცნობილი მედიკოსი და ჯუმბერ ბერაძე – ხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე. იმედია, არავინ გამომრჩენია.
თავადაც ხედავთ, აქ ის ხალხია თავმოყრილი, ვისაც საკუთარი პიროვნული თუ პროფესიული ცხოვრებით აქვს დამტკიცებული ქვეყნის და თავისი ქალაქის სიყვარული.
- რას ეტყვით თბილისის და არა მარტო თბილისის, საქართველოს იმ მოქალაქეებს,ვინც ახლა ჩვენს საუბარს ეცნობა – კონკრეტულად რა უნდა აკეთოს „ტიფლისის დარბაზმა“. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუშაობა და ამ მუშაობის პოტენციური შედეგები?
„დარბაზის“ ამოცანა იქნება, თბილისის ცხოვრებისა და განვითარების სხვადასხვა მიმართულების შეფასება და დასაბუთებული რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა, რომელთა გამოყენებაც სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლება დედაქალაქის საკრებულოსა თუ მთავრობას.
რეკომენდაციების შემუშავება მოხდება ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტებთან და ექსპერტებთან საგნობრივი კონსულტაციების შედეგად. ეს პროცესი იქნება ღია და წარიმართება მედიასთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე. ამ გზით, იმედი მაქვს, „ტიფლისის დარბაზი“ მოკლე დროშივე შეძლებს და დაიმსახურებს თბილისელების მხარდაჭერას და გარკვეულ ფაქტორად იქცევა თბილისის ცხოვრებაში.
ვფიქრობთ, ვიმუშაოთ ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიცაა დედაქალაქის განაშენიანების პოლიტიკა (სხვადასხვა დროს გაცემული არაადეკვატური სამშენებლო ნებართვების პრობლემები, როგორ განვითარდეს ქალაქი – სიმაღლეში, სიგრძეში თუ თანაბრად და სხვ.); მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სამომავლო ტენდენციები და მისი დაფინანსების გზები (ავტობუსი, ტრამვაი თუ მეტრო და ხარჯტევადი პროექტების დაფინანსების ალტერნატიული საშუალებები, პარკირების პრობლემა, ლიტრაჟის მიხედვით საავტომობილო მოსაკრებელის დაწესების საკითხი და სხვ.);
მუნიციპალური სერვისების დახვეწისა და გამრავალფეროვნების საკითხები; საყოფაცხოვრებო, სასურსათო თუ შერეული ტიპის ბაზრებისა და ბაზრობების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხები; სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური ფესტივალებისა და ქალაქური დღესასწაულების (მათ შორის, თბილისობა) ფორმებისა და ფორმატების თაობაზე საგნობრივი დისკუსიები და ასე შემდეგ…
შესაძლოა, ზოგჯერ ისეთ მნიშვნელოვან კონკრეტულ ნიუანსებსაც მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, როგორიცაა, მაგალითად, უკვე დამაზიანებელ ჩვევაში გადაზრდილი პრაქტიკა, როცა ესა თუ ის სამშენებლო კომპანია, ამა თუ იმ პროექტით დამტკიცებულ გამწვანების გეგმას, თვითნებურად უგულებელყოფს, მწვანე ნარგავების განაშენიანების ნაცვლად, მაქსიმალურად აბოტონებს გარემოს და შემდეგ, ვითომც არაფერი განსაკუთრებული, მუნიციპალიტეტის მიერ დაკისრებულ ჯარიმას იხდის (ან არც იხდის…) და მთავრდება ისტორია და აგრძელებს იმავეს კეთებას… ქალაქი, ისე როგორც ცხოვრება, საზოგადოდ, წვრილმანებისგან შედგება. სწორად მართული წვრილმანები ქმნის სწორედ შემდგომში სწორ მსხილვმანს და ამიტომ ასეთი ნიუანსები „ტიფლისის დარბაზისთვის“ ასევე მნიშვნელოვანი იქნება.
შემიძლია ისიც ვთქვა, რომ გარკვეულ ეტაპზე, ამათუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, „დარბაზი“ შესაძლოა, ერთგვარი რეფერენდუმის/გამოკითხვის ორგანიზების ინიციატივითაც გამოვიდეს. ვფიქრობ ასეთი ფორმატები გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობების გაზიარებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში, თბილისის ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.
ვფიქრობთ, „დარბაზი“,თბილისისადმი გამოჩენილი თავდადებისა და სიყვარულისთვის, თავის სიმბოლურ ჯილდოსაც დააწესებს და ამ ფორმით დააფასებს იმ დამსახურებულ ადამიანებს, ვის ცხოვრებაშიც თბილისმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
სახალისოდ და არცთუ მთლად სახალისოდაც, შესაძლოა დავაწესოთ ასევე, ერთგვარი ანტი-ჯილდოც, მაგალითად, როგორც ჩვენი თანამედროვე თბილისელ მაგარ პოეტს, დათო მაღრაძეს აქვს შენიშნული – აღა მაჰმად ხანის ორდენი… რა საქმეებისთვის იქნებიან შერჩეული ამ ორდენის კავალერები, ვფიქრობ, ბევრი ახსნა არ სჭირდება…
ეს არის მოკლედ, რისი თქმაც „დარბაზის“ საქმიანობის ხასიათსა და მიმართულებებზე ახლაა შესაძლებელი.
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი მიმართულებები იმდენი და იმგვარია, ბატონო თემურ, რომ თავისთავად ჩნდება კითხვა – ხომ არ არის თქვენი და თქვენი მეგობრების ეს ჩანაფიქრი – „ტიფლისის დარბაზი“ – ნაბიჯი პოლიტიკაში დამკვიდრებისკენ და დამკვიდრებისთვის?
მოკლედ გიპასუხებთ – არა. ცოტა ვრცლად კი გეტყვით, რომ პოლიტიკაში მოსვლის და დამკვიდრების არც ჩანაფიქრი და არც სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია – უმრავლეს ჩვენგანს ეგ ეტაპი გავლილიც გვაქვს, მაგრამ უკვე აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ იმის ამბიცია და შესაძლებლობა კი ნამდვილად გვაქვს, რომ ჩვენი „დარბაზი“ თბილისსა და თბილისელებს ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და გაკეთილშობილებაში დაეხმაროს. „ტიფლისის დარბაზის“ ყველა რჩევა და რეკომენდაცია სიყვარულით და გულიდან იქნება წამოსული და სწორედ ეს მომენტი გახდება ჩვენი მთავარი „სავიზიტო ბარათი“.
და მაინც, რადგან ასეთი კითხვა გაგიჩნდათ, კიდევ უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ – „ტიფლისის დარბაზი“ არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთვება თბილისის მმართველობის პოლიტიკურ პროცესებში. ორგანიზაციული თვალსაზრისით არ გამოხატავს პოლიტიკურ სიმპათია/ანტიპათიებს და არ მოუწოდებს დედაქალაქის მცხოვრებლებს ადგილობრივ არჩევნებში ამათუ იმ პოლიტიკური ძალის ან კანდიდატის მხარდაჭერისკენ.
იმის აღნიშვნაც მინდა, რომ „ტიფლისის დარბაზის“ წევრობა არ არის პრივილეგია – ეს არის პასუხისმგებლობა, სწორედ ასე ვხედავთ ორგანიზაციას მისი დამფუძნებლები.
„ტიფლისის დარბაზი“, თავისი საქმიანობით, მოწოდებული იქნება, გარდა ქალაქის ყოველდღიურობაში კონკრეტული აქტიური მონაწილეობისა, გახდეს ერთგვარი ხიდი XX და XXI საუკუნეების და თბილისელთა თაობებს შორის ისე, რომ მომავალ თბილისს შემდგომშიც ახსოვდეს და დააფასოს თბილისის, საქართველოს დედაქალაქის, კავკასიის გულის ის ეშხი და ლაზათი, რასაც ჩვენი ქალაქი, მისი გულშემატკივარი და მისთვის თავდადებული ადამიანების დამსახურებით, მიუხედავად რთული ისტორიისა, საუკუნეებია ინარჩუნებს.
„ტიფლისის დარბაზის“ მთავარი სულისკვეთება და მოწოდება გამოიხატება ასე – მოვუაროთ და განვავითაროთ ქალაქი! გავუფრთხილდეთ, დავაფასოთ და შევინარჩუნოთ თბილისური ურთიერთობები!