საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
საქმე ეხებოდა Yandex Go-ს ონლაინ პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასა და კომპანიის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს. სააგენტო სწავლობდა, რამდენად სრულად მიეწოდებოდათ მომხმარებლებს ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, ასევე რამდენად შეესაბამებოდა კანონმდებლობას პირობები, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა და კომპანიას მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მომსახურების პირობების შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა.
საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go-ს პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ. მათ შორის, სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული პირობები, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებაზე პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა. სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი თავად მოვაჭრეა.
ამასთან, უსამართლოდ იქნა მიჩნეული პირობა, რომელიც კომპანიას მომხმარებლისთვის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მომსახურების პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა.
სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებლისთვის საკუთარი სტატუსისა და მომსახურების შესახებ კანონით გათვალისწინებული სრული და გასაგები ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.
სააგენტომ მიუთითა მომხმარებლისთვის დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებისა და მისი გამოყენების პირობების მკაფიოდ განმარტების აუცილებლობაზეც.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა, საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა 1 თვის ვადაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.