logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ADB-მ საქართველოს 100 სოფელში წყლის სისტემების განვითარებისთვის $233.2 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

ADB-მ საქართველოს 100 სოფელში წყლის სისტემების განვითარებისთვის $233.2 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

1761550362

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 233.2 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც მიზნად საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგების მიწოდებას ისახავს.

ADB-ის ინფორმაციით, შედეგებზე დამყარებული სასესხო პროგრამა — „საქართველო: სუფთა, ადგილობრივი და თანაბარი წვდომა წყლის რესურსებზე“ — გამიზნულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 100 სოფელში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოება და რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას.

„ახალი პროგრამა აგრძელებს ADB-ის წყალმომარაგების მხარდაჭერის ათწლიან გამოცდილებას, რომლის შედეგად საქართველოს უკვე 13 ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს,“ — აღნიშნა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.

ADB-ში აცხადებენ,რომ პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განვითარების სტრატეგიას „ხედვა 2030“ და მთავრობის ძალისხმევას, აღმოიფხვრას ქალაქებსა და სოფლებს შორის წყლის მიწოდების სერვისების უთანასწორობა. ის ასევე ხელს შეუწყობს წყალარინების დღის წესრიგის განხორციელებას, მათ შორის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ხედვის ფარგლებში, 2030 წლის შემდგომ პერიოდში დამტკიცებისა და განხორციელების მიზნით.

გარდა კლიმატგამძლე და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისა, პროგრამა ასევე გააუმჯობესებს წყლის სექტორის მმართველობას — განმახორციელებელი და აღმასრულებელი სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერებით მდგრადი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროგრამა დანერგავს ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ახალ რეგულაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრად და ეფექტიან საქმიანობას თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.

ADB-ის ინფორმაციით, პროგრამა გაზრდის კლიმატის მიმართ მედეგობას წყლის რესურსების დივერსიფიკაციისა და კლიმატზე მეტად მორგებული, ენერგოეფექტური განაწილების ქსელების დანერგვის გზით.  ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც ტრადიციულად პასუხისმგებელნი არიან ოჯახში წყალმომარაგებაზე და ხშირად დიდ დროს ხარჯავენ წყლის მოპოვებასა და შენახვაზე.

"შედეგებზე დამყარებული სესხი, რომელიც ADB-მ პირველად გამოიყენა საქართველოში, ოპტიმალურია სოფლის წყლის პროექტისთვის, რადგან ის მოიცავს ფართო გეოგრაფიულ არეალზე გაშლილ მცირე და განსხვავებული ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს პროექტი ემყარება წყლის სექტორში წინა განვითარების დახმარების შედეგად მიღწეულ პროგრესს, შეავსებს კრიტიკულ საინვესტიციო ხარვეზებს, გააძლიერებს სახელმწიფო სისტემებსა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს, ასევე ხელს შეუწყობს მთავრობის გრძელვადიანი გეგმებისა და მკაფიო მიზნების შესრულებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების მიმართულებით,"-  ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის გავრცელებულ პრესრელიზში.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

გამოგვყევით