logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ამ ეტაპზე, რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს" - ლევან მეხუზლა

"ამ ეტაპზე, რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს" - ლევან მეხუზლა

1760454180

14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

"რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. რთველის საწყის ეტაპზე, კლიმატური პირობების გაუარესების შიშით, მოსახლეობამ ერთიანად დაკრიფა ყურძენი. დაკრეფილი ყურძნის რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ღვინის მარნებს შეეძლოთ გადამუშავება, რამაც განაპირობა საწარმოებთან დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს არსებული მარნების სიმძლავრეები და სოფლის რწმუნებულისგან მიიღოს რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაცია, სადაც მითითებულია თუ როდის და რომელ საწარმოს უნდა მიაკითხონ  ყურძნის ჩასაბარებლად. ამ ეტაპისთვის  პრობლემა აღმოფხვრილია, დაკრეფილი ყურძენი სრულად დაბინავებულია", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ლევან მეხუზლას განცხადებით, რაჭაში, რთველი 2025 გამორჩეულია როგორც რაოდენობით,  ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებით.

"რაჭაში გვექნება რეკორდული მოსავალი. ბოლო წლებში, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა არ სცილდებოდა 2 ათას ტონას. წელს კი, უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის მატება არ ხდება ხარისხის ხარჯზე, რადგან რაჭაში ყურძენი ჯანსაღი და კონდიციურია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წელს რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი, მათ შორის, დაცული  ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

გამოგვყევით