საქართველოდან თაფლის ექსპორტი 54%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 16 ტონაზე მეტი თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 36 ტონა იყო. რაც შეეხება ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს, მიმდინარე წლის 5 თვეში უცხოეთში გატანილი თაფლის ღირებულებამ 114 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში, 60%-ით შემცირებული მონაცემია.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, დღეს, ადგილობრივი თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც წლის პირველ 5 თვეში, 7 ტონაზე მეტი თაფლი გავიდა, მეორე პოზიციაზე აშშ იმყოფება, მესამეზე კი ერაყი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი მცირეა. 2024 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, ქვეყნიდან ექსპორტირებული თაფლის მხოლოდ 7%-ი მოხვდა ევროპულ ბაზარზე.
მეფუტკრეები ამბობენ, რომ მიზეზი დიდი მოცულობებია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ითხოვენ და რაც ქვეყანას, ამჟამად, არ გააჩნია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განუცხადა, ცუდი კლიმატური პირობების გამო, ქვეყანაში თაფლის წარმოება გასულ წელს შემცირდა, შესაბამისად, ეს წლევანდელ საექსპორტო მაჩვენებლებზეც აისახა. მისივე ინფორმაციით, წელს თაფლის წარმოებისთვის შედარებით უკეთესი ამინდებია, რაც პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა იძლევა.
„ახლა, თაფლის დაწურვის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ახალ საექსპორტო ბაზრებთანაც და ველოდებით, რომ ექსპორტი კვლავ გააქტიურდება. ამჟამად, ვიცი რომ მზადდება თაფლის გასაგზავნი პარტია პოლონეთში გასაგზავნად, მოლაპარაკებები მიდის საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთანაც“, - განმარტა ალეკო პაპავამ.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ყურადღებას ქართული თაფლის ხარისხზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, შესაბამისად, თანაბრად მოთხოვნადია როგორც აზიურ, ისე ევროპულ ბაზრებზე.
„ქართული თაფლი თავისი გემოვნური თვისებებით და ხარისხითაც, მსოფლიო ბაზარზე გამორჩეულია. ამიტომ, აუცილებელია მისი წარმოების გაზრდა. ქვეყანა, ამჟამად, 3000 ტონამდე თაფლს აწარმოებს და არსებობს რესურსი რომ ეს მაჩვენებელი 2-ჯერ და სამჯერ გაიზარდოს, 8 ათას ტონამდე. შესაბამისად, ზრდის პოტენციალი აქვს ამ სექტორიდან მიღებულ შემოსავლებსაც. მით უფრო, რომ უცხოური ბაზრების გარდა, ფაქტობრივად, სამჯერ არის გაზრდილი ქართული თაფლის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც“, - აღნიშნავს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში 15 ათასამდე მეფუტკრეა და აქედან მხოლოდ 5% აწარმოებს თაფლს კომერციული მიზნით. ალეკო პაპავას თქმით, ქვეყანას მეტი კომერციული საფუტკრე სჭირდება, რათა მეტი პროდუქტი მიიღოს.
ცნობისთვის, საქართველოდან თაფლის ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 258 ტონა თაფლი გაყიდა. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 57%-იანი კლება იყო. მთავარ საექსპორტო ბაზრებს კი საფრანგეთი და ჩეხეთი წარმოადგენდა, რომლებზეც რეალიზაციის თითქმის 84 % მოდიოდა.