ორგანული (გარდამავალი ბიო) ვაშლის მწარმოებელი კომპანია "ბიო ბაღების" ხელმძღვანელის, დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, ბიო მიმართულებით განვითარება საკმაოდ რთული პროცესია და გარკვეული სახის პროცედურების დაცვას საჭიროებს.
როგორც მეწარმე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ზოგადად, ბიო ვაშლის მოყვანისას გამოწვევები იჩენს ხოლმე თავს, თუნდაც იმიტომ რომ არსებობს დაავადება - "ქეცი".
"ორგანული წესით ვაშლის წარმოებისას გამოიყენება, მხოლოდ ორგანული სასუქი და ბიო პრეპარატები, არ ვიყენებთ პესტიციდებს და ა.შ. სულ 2 ჯიშის ვაშლი მოგვყავს: "ვები", რომელსაც განსაკუთრებულად ტკბილი გემოთი გამოირჩევა და "რუბელიტი", რომელსაც არომატული გემო აქვს.
ორგანული წარმოება ტრადიციულ ბაღებთან შედარებით ნაკლებ მოსავლიანია, მიუხედავად ამისა ჩვენი მთავარი მიზანი ბიო პროდუქტის შექმნაა.
აღსანიშნავია, ასევე რომ ბიო პროდუქციის წარმოება მოყვანის შემდგომ მოითხოვს შენახვის (გრძელვადიანი შენახვა, ხარისხობრივი და გემოვნური თვისებების შენარჩუნებით) განსაკუთრებულ პირობებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიო პროდუქტი შენახვისას ქიმიური პრეპარატებით არ უნდა დამუშავდეს. ზემოთთქმული მიღწევადია, მხოლოდ ე.წ. ატმოსფერული კონტროლის მეთოდით. საქართველოში კი პრობლემას წარმოადგენს მაღალი ხარისხის სამაცივრე მეურნეობის კრიტიკულად მცირე რაოდენობა და მათი მართვის დაბალი კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, 1700 ტონის მოცულობის ბიო პროდუქტის შენახვისთვის განკუთვნილი სამაცივრე მეურნეობა შეგვექმნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ და ნედლეულს, როგორ ხარისხობრივი, ასევე გემოვნური თვისებები შევუნარჩუნოთ", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მეწარმე ბიო სერტიფიცირების შესახებაც უშუალოდ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სერტიფიცირების პროცესს განსაზღვრული ვადა აქვს.
"ვადა მინიმუმი 3 წელი გახლავთ. მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებები, წარმატებით გავიარეთ. ამასთან, 2024 წელს გარდამავალი ბიოს სტატუსი მოგვენიჭა. იმედია 2026, ან 2027 წელს ბიო სტატუსს მივიღებთ", - აცხადებს დავით ჯაფარიძე.
მისივე თქმით, წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების რაოდენობა დაახლოებით, 80%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის, "ბიო ბაღები" გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში მდებარეობს. კომპანიის მიერ მოყვანილი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე "აგროჰაბში", "ნიკორაში", "ფრესკოში", "გუდვილში" ასევე ე.წ. უბნის მაღაზიებში 2023 წლიდან იყიდება. ამჟამად, ვაშლის ბაღი 8 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანია წელიწადში 200 ტონა ნედლეულს აწარმოებს. კომპანიას 2024 წელს გარდამავალი ბიოს სტატუსი მიენიჭა.