"ღვარძელაშვილის მარნის" გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ქართული ბიო ღვინო უცხოურ ტურისტებს განსაკუთრებით იაპონელებს ძალიან მოსწონთ.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მეღვინე აღნიშნავს, საქართველოს აღნიშნულ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
"ბიო მეღვინე ვარ, აღნიშნული მიმართულება ჩემი ნიშაა... 8 000-ს ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, საიდანაც 70% ექსპორტზე გადის, ხოლო 30% უშუალოდ მარნის ობიექტზე მოსული ტურისტები იძენენ. ტურისტების მიმართულებას რაც შეეხება - ევროპელი ვიზიტორების რაოდენობამ იკლო, აზიელები, განსაკუთრებით ინდოელები მრავლად არიან. 8 000 ბოთლი ღვინიდან ბიო მიმართულება პროცენტულად ყველაზე დიდია.
კონკურენციას, რაც შეეხება - არახალია, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ბიო ღვინოს ვაწარმოებ, რაც განსაკუთრებით უცხოელებისთვის საინტერესო სფეროა, ამავდროულად ჩემი კლიენტები მყავს და ვიცი ჩემს მომხმარებლებს რა სურთ... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბიო ღვინით დიდ ინტერესს გამოთქვამენ! რამდენჯერმე უცხოელმა პარტნიორებმა მითხრეს, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღებაც კი უნდათ, თუ როგორ უვლიან საქართველოს მასშტაბით ბიო ვენახს. საერთო ჯამში, რომ შევაჯამო როგორც ბიო ღვინო, ასევე ბიო პროდუქტი უცხოელ ტურისტებს, განსაკუთრებით იაპონელებს მოსწონთ. შესაბამისად, გაჩერება არ შეიძლება, აღნიშნული სეგმენტი უნდა მოვიცვათ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
გიორგი ღვარძელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანიის ბიო ღვინო შესაძლოა, იაპონიის ბაზარზეც გაიყიდოს.
ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარნის" ღვინო ექსპორტზე, 8 ქვეყანაში იყიდება. ესენია: აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია. მარანი ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.