logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი" - ლიეტუვაში პირველ ექსპორტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განვახორციელებთ

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ლიეტუვაში პირველ ექსპორტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განვახორციელებთ, - ამის შესახებ "ძმები ხუციშვილების ღვინის მარნის" თანადამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ექსპორტზე წარმოების, დაახლოებით, 40% იყიდება, ხოლო დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე ადგილზე, მარანში.

"ამ ეტაპზე 11 დასახელების ღვინო გვაქვს, რომლის რეალიზაცია როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე ხდება. ჩვენ ჰოლანდიაში გვაქვს საწყობი და ასევე, გვაქვს ვებგვერდი, სადაც ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებელია ჩვენი ღვინის შეძენა. ჰოლანდიის გარდა, გვინდა, რომ ბალტიის ქვეყნებში განვახორციელოთ პირდაპირი ექსპორტი.  ძალიან ხშირად გვსტუმრობენ ტურისტები თითქმის ყველა ქვეყნიდან და ინტერესი ქართული ღვინის მიმართ თანდათან იზრდება. ღვინის გაყიდვები წინა წლის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქვეყანაში, ეს პირდაპირ აისახება გაყიდვების მაჩვენებელზე.

ჩვენთან მარანში მოსულ სტუმრებს ღვინის შეძენასთან ერთად შეუძლიათ დაგემოვნება, ქართული კერძების და ღვინის დაწურვის ტრადიციის გაცნობა. ძალიან ხშირად გვაქვს მასტერკლასებიც.

წელს კარგი მოსავალია. დაახლოებით, 2 ჰექტარის მოცულობის ვენახი გვაქვს. წლის განმავლობაში 15 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ და სამომავლოდ, ვეცდებით განვითარდეთ როგორც შიდა ბაზრების, ასევე ექსპორტის მიმართულებით", - აცხადებს გელა ხუციშვილი.

ცნობისთვის, ძმები ხუციშვილების საოჯახო მარანს ქვევრში ღვინის დაყენების 2-საუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. 2015 წელს გელა და გიორგი ხუციშვილებმა აღნიშნული ტრადიცია განაახლეს. მარანი თელავის რაიონში, სოფელ კისისხევში მდებარეობს.

გამოგვყევით