ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის“ ფარგლებში ლ. ჯორჯაძის ისტორიული ნაშრომი წიგნად გამოიცა.
ნაშრომი „მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა“ წარმოადგენს 1876 წელს გამოცემული ისტორიული ტექსტის რედაქტირებულ და თანამედროვე მკითხველისთვის ადაპტირებულ ვერსიას.
წიგნში განხილულია მევენახეობა-მეღვინეობის მრავალფეროვანი საკითხები, მათ შორის ისტორიული და სტატისტიკური ცნობები, მევენახეობის რეგიონების კლიმატი, სავენახე ნიადაგები, მარნის მოწყობა, რთველი, ღვინის დაავადებები და ზადები, ქვევრების მომზადება და სხვა მნიშვნელოვანი თემები. გამოცემაში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება როგორც უცხოურ ლიტერატურას, ისე ავტორის პრაქტიკულ გამოცდილებას კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
გამოცემა განკუთვნილია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პროფესიონალებისთვის, მკვლევარებისა და ამ თემით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
წიგნი გამოიცა „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ სერიული გამოცემის „ქართული ვაზი და ღვინო: ლიტერატურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ასოციაციასთან „ქართული ღვინო“ თანამშრომლობით.