logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"იაპონელებისთვის ქართული ღვინო განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან" - "მარანი გელოვანი"

"მარანი გელოვანის" დამფუძნებლის, აკაკი გელოვანის ინფორმაციით, იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" აკაკი გელოვანი აცხადებს, აღნიშნული სეგმენტისთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან.

მისივე თქმით, ტურისტული ობიექტის ღვინო იაპონიაში უკვე გადის, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ყოველწლიურად მზარდია.  

"მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ სოფელ წყლულეთში 1 ჰექტარზე ვენახი გავაშენოთ. ამჟამად, ბიო ყურძენს კახეთში ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. სერტიფიცირებული, ბიო მიმართულების ჯიშის ყურძენი ვისაც აქვს,  წლებია მათთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება წარმადობას, წელიწადში 5 000-დან 7 000 ბოთლამდე ავდივართ.

კახური ჯიშის ღვინოები გვაქვს: "რქაწითელი", "კახური მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტის მიმართულებით უცხოეთში 8 ქვეყანაში გავდივართ: იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია. ამავდროულად საექსპორტო ხაზის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ. კერძოდ, მოლაპარაკებები ახალ იაპონელ ექსპორტიორებთან გვაქვს.

იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ. აღნიშნულ ქვეყანაში ქართულ ღვინოს საკუთარი ნიშის დაკავება შეუძლია, მაგრამ კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო. დიდი კულტურის ხალხია და ღვინის მიმართულებით გაზრდილი ფრანგულ კულტურაზე არიან. წარმოიდგინეთ მერე, უცებ ქვევრში დამზადებულ, მზისფერ ღვინოს სინჯავენ, მათთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია - მოსწონთ. იაპონიის მიმართულებით ღვინის რეალიზაცია მზარდია, რადგან მათთან კომუნიკაციას მუდმივად ვცდილობ", - აცხადებს "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი.

ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი ბაზრების დივერსიფიცირებაზეც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მევენახეებმა აღნიშნული მიმართულებით აქტიურად იმუშაონ.

"დივერსიფიცირებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული ვიყოთ, ცხადია, არ გვინდა. ბაზარი ცვალებადია, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა, მიმართულების ათვისება სჯობს", - აცხადებს აკაკი გელოვანი.

ცნობისთვის, "მარანი გელოვანი" მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს. ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის.

გამოგვყევით