სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროთანადაფინანსების განახლებული პროგრამის ამოქმედებიდან უკვე ერთი თვე გავიდა. პროგრამა ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ახალი მექანიზმი ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს უფრო გამჭვირვალე, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ პირობებს სთავაზობს.
აგროთანადაფინანსების პროგრამა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან შეაფასა ფერმერმა ბექა გონაშვილმაც. მისი თქმით, ახალი მოდელი მომხიბვლელია მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავისუფალი კაპიტალი უკვე გააჩნიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამა „საკმაოდ ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას".
„ადრე, ბანკში მიხვიდოდი, ფული მოგეცემოდა და საქმის კეთება და სახელმწიფოს მხრიდან თანხის ჩართვა ერთდროული პროცესი იყო. დღეს კი, ფერმერმა ჯერ საქმე უნდა გააკეთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს სრული თანხა - საკუთარი, ან ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული. მიკრობიზნესისთვის ეს არ იქნება ადვილი და აქ მგონია, რომ უფრო მეტად შემცირდება მიმართვიანობა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელსაც ძალიან ბევრი, ხშირად მიმართავდა - აგროსესხად წაიღებდა ფულს და შეიძლება, ლილოზე შემოეტანა კონტეინერით ტანსაცმელი. ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სწორია, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად, ბევრი რამეა დასახვეწი და შესაძლებელია მისი უფრო კარგად გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულად გასვლა, ვიდრე დღეს გვაქვს“-განაცხადა ბექა გონაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებისთანავე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფერმერებს განახლებული პროგრამის პირობებს აცნობენ.
შეხვედრების ფარგლებში აღინიშნება, რომ ახალი მოდელი შემუშავდა დარგში არსებული გამოწვევებისა და გამოვლენილი რისკების საფუძველზე. განახლებული მიდგომები მიმართულია სახელმწიფო ფინანსური რესურსების უფრო მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებაზე, აგრეთვე ფერმერებისთვის უფრო მდგრადი და საიმედო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე.
agropartner.ge