რუბრიკა "ღვინის გზა"
ქართული ღვინის ტრადიციას ახალი თაობის მეწარმეები ახალი ენერგიით აგრძელებენ. "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკის "ღვინის გზა" ფარგლებში გაგაცნობთ "ჭოტიაშვილების მეღვინეობას", რომელიც კახეთის სოფელ სანიორეში მდებარეობს.
კომპანიის დამფუძნებლებმა არამარტო ვენახები გააშენეს და ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყეს, არამედ სიცოცხლე დაუბრუნეს მეღვინეობას, რომელიც მათ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
საქმიანობაში მთელი ოჯახია ჩართული, მეღვინეობა კი შემოსავლიან და პერსპექტიულ ბიზნესად იქცა, რომლის ღვინოებსაც საქართველოს გარეთ უკვე კარგად ცნობენ.
ჭოტიაშვილების საოჯახო მარანს საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა, როდესაც ორმა ძმამ გადაწყვიტა საკუთარ მამაპაპისეულ მიწაზე გაეშენებინა ქართული მივიწყებული ვაზის ჯიშები.
როგორც კახა ჭოტიაშვილი „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, ამჟამად 17 ჰექტარ ფართობზე 40-ზე მეტი ყურძნის სახეობაა გაშენებული, საიდანაც 14 აწარმოებენ, დანარჩენს კი ექსპერიმენტული ხასიათი აქვს.
"ჩვენი ძირითადი მიზანია მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშებისგან დავაყენოთ ღვინო, შევისწავლოთ და რაღაც შედეგები მივიღოთ. სწორედ ამიტომ, ხშირად ვატარებთ ექსპერიმენტებს. ვაწარმოებთ 50 ათას ბოთლს, რომელიც ნაწილიც საქართველოში იყიდება და ნაწილი გადის ექსპორტზე. ხარისხიანი ღვინის მისაღებად მთავარია ხარისხიანი ყურძენი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტია მხოლოდ საკუთარი ყურძნისგან ვაწარმოოთ ღვინო.
ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ქვევრის ღვინო, არ არსებობს იმაზე მეტი სიახლოვე მეღვინესა და ქვევრის ღვინოს შორის, როგორც ქვევრში ღვინის დაყენების დროს. ჩემი გამოცდილებიდან, რადგან 15 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს, მოთხოვნა ქართულ ღვინოზე დღითი დღე იზრდება, უფრო ცნობადი გახდა და სულ უფრო მეტი რესტორანი, მაღაზია და კომპანია ინტერესდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქართულ ღვინოს არ აქვს ანალოგი, ჩვენი ტექნოლოგია ყველასგან განსხვავებულია გემოებით, ხასიათით და ეს ძალიან სასიხარულოა",- ამბობს "ჭოტიაშვილების მეღვინეობის" თანადამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი.
მისივე თქმით, ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, ამას მოწმობს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებიც, რომლებიც აღნიშნავენ ხოლმე, რომ დიდი მომავალი აქვს და ის მართლაც საუკეთესოა.