logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მსოფლიოში ფსტას მოსავალი გაორმაგდა - წარმოება გაიზარდა საქართველოშიც"

დარგის ექსპერტები მსოფლიოში ფსტას მოსავლიანობის გაორმაგებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მისმა წარმოებამ უკვე მილიონ ტონას გადააჭარბა. გაზრდილი მოსავლიანობისა და მიწოდების გამო კი, ამ კულტურის ფასი შედარებით შემცირებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart-ის საკვები პროდუქტების ანალიტიკოსმა დაჩი მუჯირიშვილმა  განუცხადა, თუ გასულ წლებში 1 კილოგრამი ფსტა, საშუალოდ, 8 დოლარი ღირდა, მისი ფასი დღეს 7 დოლარია. თუმცა, 1 დოლარიან კლებას არც დარგის ექსპერტები და არც ფერმერები დრამატულად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ფსტა იაფიანი პროდუქტი არასდროს გახდება, მასზე არსებული მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო.

გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, თხილისა და კაკლისგან განსხვავებით, როგორც წესი, ფსტას (იგივე ფისტას) ფასები მერყეობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მათი სტაბილურობა განსაზღვრავს ამ პროდუქტის გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს.

აღსანიშავია, რომ ბოლო წლებში, ფისტას რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები მთელს მსოფლიოში რეკორდულად იზრდება. გასულ 2024 წელს, ამ სექტორის შემოსავლებმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკოსები ელიან, რომ 2025 წელს 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს ფსტას გლობალური ბაზარი. შემოსავლების ზრდის ტრენდი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და 2029 წლისთვის 5.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

„უნდა ითქვას რომ, გლობალურ ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით და ასევე, ყველაზე მაღალი ხარისხის ფისტას აშშ აწარმოებს. 2023-2024 წლების მონაცემებით, მასზე გლობალური წარმოების 63% მოდის. მეორე პოზიციაზე თურქეთია - 17%-იანი წილით, მესამეზე კი - ირანი 16%-ით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - ფისტას წარმოება მზარდია სირიასა და ესპანეთშიც“, - განმარტა დაჩი მუჯირიშვილმა.

ფსტას წარმოება მზარდია საქართველოშიც. ქვეყანას ყოველწლიურად ფსტას ბაღების ახალი ფართობები ემატება. გაიზარდა ამ კულტურის მოყვანით დაინტერესებული ფერმერების რიცხვიც. ბოლო მონაცემებით, 2024 წელს, ქვეყანამ მოსავლის სახით 100 ტონაზე მეტი ფისტა მიიღო, მაშინ როცა წინა წლებში მოსავალი 20-დან 30 ტონამდე მერყეობდა.

ფერმერების ინფორმაციით, გაზრდილი მოსავლიდან გამომდინარე, ისინი განიხილავენ რომ მომდევნო წლებში, ადგილობრივ ბაზარზე ფისტას იმპორტს ნაწილობრივ ჩაანაცვლებენ, ასევე აქტიურად გავლენ საექსპორტო ბაზრებზე. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ფერმერს ამ კუთხით, საექსპორტო გამოცდილება უკვე ჰქონდა.

საქართველოს ფისტას ასოციაციაში პოტენციურ საექსპორტო ბაზრებად ევროკავშირის ქვეყნებს ასახელებენ, ამბობენ, რომ აქ მოსახლეობა მაღალმსყიდველუნარიანია. გარდა ამისა, სექტორში ფიქრობენ, რომ ევროპაში ექსპორტს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. დარგის ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში, უცხოურ ბაზრებზე ქართული ფისტა მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდება, რასაც მისი მაღალი ხარისხი და გემოვნური თვისებები განაპირობებს.

შეგახსენებთ, საქართველოში ფისტას წარმოებას სულ 7-8 წლის ისტორია აქვს. ამჟამად, ქვეყანაში ფისტას ბაღები 1000-ზე მეტ ჰექტარზეა გაშენებული. დარგის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ფისტას წარმოებისთვის განსაკუთრებით კარგი პირობები, კლიმატისა და ნიადაგის თვალსაზრისით, შემდეგ სამ რეგიონშია - კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

გამოგვყევით