ღვინის ეროვნული სააგენტო წელს საქართველოში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელის. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, გასული წელი მოსავლის რაოდენობის თვალსაზრისით რეკორდული იყო.
„შარშანდელთან შედარებით ნაკლები იქნება ყურძნის მოსავალი. როგორც იცით, გასულ წელს ამ კუთხით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული წელი იყო. მიმდინარე წელს მოსავალი იქნება რაოდენობრივად შარშანდელზე ნაკლები“,-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ყურძნის მოსავალში ამინდი და კლიმატური პირობები განმსაზღვრელი ფაქტორია.
„წელს უკვე დავიწყეთ რაჭის მონიტორინგი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი მოსავალია, მათ შორის ხარისხის თვალსაზრისითაც. ჩვენი არაჩვეულებრივი ღვინოები იქნება აუცილებლად მაღალი ხარისხის. ამასთან, უნდა ითქვას, რომ რაჭა არის სულ 1500-დან 2000 ტონამდე, რაც არის კახეთის მოსავლის 1%-ი, ამიტომ რაჭის მოსავალს მთლიან მოცულობაში დიდი კორექტივების შეტანა არ შეუძლია.
ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა მევენახე იყოს დაკმაყოფილებული, თუმცა არა ყურძნის ხარისხის ხარჯზე. რაც შეეხება მეღვინეებს - ერთია რთველი, მაგრამ დანარჩენ მთელ წელს მათ დახმარებაში ვატარებთ. ათასგვარი ტურები და მარკეტინგული კამპანიები გვაქვს, რაც უზრუნველყოფს იმ პროდუქტის რეალიზაციას. ასე რომ, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკაა, ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო ატარებს რთველის მხარდაჭერის პროგრამაში და სამომავლოდ ვფიქრობ, რომ მეტი აქცენტი გაკეთდება ხარისხიანი ყურძნის მოყვანაზე,"-აცხადებს ლევან მეხუზლა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია.
2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.