ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა ლარის სტაბილურობასა და ფინანსურ სისტემაში ნდობის ზრდაზე მიუთითებს. ამის შესახებ „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შექმნა საფუძველი, რომ ლარი ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის გრძელვადიანად სანდო ვალუტად ჩამოყალიბებულიყო, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც წინა წლებში რთულად განსახორციელებელი იყო.
ლაშა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დაფიქსირებული სავალუტო ბაზრის სტაბილურობა გამორჩეულია უცხოური სავალუტო შემოდინებების, ტურიზმისა და ბიზნეს აქტივობის ზრდის ფონზე. მისი თქმით, დეკემბერში ეროვნული ბანკისთვის საერთაშორისო რეზერვების შესავსებად განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობა ათობით მილიონ ლარს აღწევს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.
მისივე განცხადებით, ლარის მიმართ გაზრდილი ნდობა განპირობებულია როგორც ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოთი, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის დაბალანსებული მიდგომით სავალუტო კურსის მართვის მიმართულებით. მისი თქმით, თუ წინა წლებში მსგავსი ოპერაციები რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს მათი მოცულობა 15–20 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.